"ძირითადი სექტორები, რაშიც საუდელი ბიზნესმენები დებენ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ემთხვევა" - ამის შესახებ "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნესფორუმზე ისაუბრა, რომელიც 15 თებერვალს თბილისში გაიმართა.
ფორუმი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ჩატარდა და მას 100-ზე მეტი საუდური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰიმ.
საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია გამართა. სააგენტოს დირექტორის თქმით, დღესდღეობით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების წილი საქართველოში 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ისეთი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი მაჩვენებელია.
სამომავლო თანამშრომლობასა და პოტენციალზე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს საუდის არაბეთისთვის დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, თანამშრომლობის შესაძლებლობა ბევრ სექტორში არსებობს.
რა მიმართულებებია ორი ქვეყნისთვის საინტერესო და რაზე მიდის მოლაპარაკებები?
სტუმარი: დავით ცირდავა - აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;