სტუმარმასპინძლობის სფეროში ახალი პლატფორმა – „ამირბარი“ ბიზნესებს იდეის გაჩენიდან ოპერაციული მართვის ეტაპამდე სრულ მხარდაჭერას სთავაზობს. მისი დამფუძნებელი ქეთი ამირბარი ამბობს, რომ სააგენტოს შექმნა მრავალწლიანი გამოცდილების და ბაზრის მოთხოვნის გამო გადაწყვვიტა.
„ბაზარზე მუდმივად იყო მოთხოვნა ცოდნაზე, მხარდაჭერასა და კონსულტაციებზე მასპინძლობის მიმართულებით. ამიტომ გადავწყვიტე, რომ “ამირბარი” გააერთიანებდა ამ ყველაფერს და სრულ სპექტრს შესთავაზებდა მათ, ვინც სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ჩართვა სურს“, - თქვა მან BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში".
სააგენტო ბიზნესებს ეხმარება კონცეფციის შემუშავებაში, ლოკაციის შერჩევაში, ბიზნესგეგმის შექმნასა და პოზიციონირებაში, ასევე მენეჯმენტის და ოპერაციების ოპტიმიზაციაში. „ამირბარი“ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიონალთან და პროექტის სპეციფიკის მიხედვით აერთიანებს სპეციალისტებს.
კომპანიის პორტფოლიოში უკვე რამდენიმე დასრულებული პროექტია. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „ღვინის სადგური წინანდალში“ – „ქართული ღვინის კორპორაციის“ ინიციატივა, რომელიც სტუმრებს ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.
„ეს იქნება ადგილი, სადაც ქართული ღვინო და სტუმარმასპინძლობის კულტურა ერთ სივრცეში გაერთიანდება - სადეგუსტაციო ზონებით, მარნითა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცეებით. გაზაფხულზე პირველი სტუმრების მიღება იგეგმება", - აცხადებს ამირბარი.
მისი თქმით, რეგიონებში იზრდება ინტერესი და აქტივობა ამ მიმართულებით, თუმცა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტი და მენეჯმენტის ცნობიერების ამაღლების საჭიროება.
„დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა ადამიანების შენარჩუნებაა. მასპინძლობის სფეროში თანამშრომელი მხოლოდ დაქირავებული ადამიანი კი არა, ბიზნესის სახეა. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი გარემოს, ნდობის და განათლების სისტემის ჩამოყალიბება,“ — დასძენს ქეთი ამირბარი.




























