მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სფეროშია მოსალოდნელი BP-ის ახალი ინვესტიციები საქართველოში - გახარია გარი ჯონსს შეხვდა

5e4e5587c1f27
BM.GE
20.02.20 13:45
1172
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum-ის რეგიონულ პრეზიდენტს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებსა და, კორპორაციის ახალი ხელმძღვანელის პირობებში, განახლებული მისიით, სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბრიტანული კომპანიის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე საქართველოსთან.

გარი ჯონსმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიური მილსადენის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და პროექტის განვითარების მიმდინარე ფაზის, „შაჰ დენიზის" ძირითადი ნაწილის დასრულებას, რაც მიმდინარე წლის ბოლოს შესაძლებელს გახდის, რომ კავკასიიდან ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიეწოდოს ევროპას საქართველოს გავლით.

"საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რასაც აქტიურად უჭერს მხარს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ისე ევროკავშირი. აგრეთვე, საუბარი შეეხო ნავთობსადენის რამდენიმე სექციის განახლებას, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

გიორგი გახარიამ გარი ჯონსს გააცნო მთავრობის ხედვა საქართველოს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობის შესახებ და ისაუბრა ქვეყნის საჭიროებებზე ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. პრემიერმა BP-ის მხარდაჭერა აღუთქვა, როგორც მიმდინარე საქმიანობის, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ნაწილში.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა მზაობა გამოთქვა განიხილოს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და შესაძლებლობები.

შეხვედრაზე, აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს BP-ის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კომპანია გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს CO2-ის ემისია მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში, როგორც ენერგორესურსების მოპოვების, ასევე მიწოდების ოპერაციებში.

ითქვა, რომ კომპანიის ტრანსფორმაციის პროცესი შესაძლოა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც BP-ის ინტერესი რეგიონსა და, მათ შორის, საქართველოში იზრდება - განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით.

ბრიტანული კომპანია BP საქართველოში პირველად 1996 წელს შემოვიდა და ამჟამად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია", – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები