მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს რუსეთის ავიაციას სანქციების წლისთავზე?

640084107ca61
მარიამ ვარადაშვილი
02.03.23 15:28
771
ომის დაწყებისთანავე რუსეთის ავიაცია უპრეცედენტო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ევროკავშირმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა, რუსეთში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის. შეზღუდვა გავრცელდა რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში მყოფ კერძო თვითმფრინავებზეც.

აშშ-ის, კანადისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები აჩენდა მოლოდინს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი რუსეთის სამოქალაქო ავიაცია იქნებოდა. დაკეტილი საჰაერო სივრცის გარდა, ამის მიზეზი Airbus-ისა და Boeing-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლებმაც რუსულ ავიაკომპანიებს სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეუწყვიტეს. იმ ფონზე, როცა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფლოტის დიდი ნაწილი სწორედ მათ მიერ წარმოებული თვითმფრინავებია, ეს ნიშნავს რომ რუსული კომპანიები საერთაშორისო სტანდარტების ვერ დააკმაყოფილებენ.

როგორც Bloomberg წერს, სანქციების დაწესების წლისთავზე რუსეთის ავიაცია ოპერირებას აგრძელებს და გარკვეულ მიმართულებებზე ფრენებს ზრდის. ჯამში რუსული კომპანიები 467 Airbus-სა და Boeing-ის თვითმფრინავს იყენებს. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ, კანადამ და ევროკავშირმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს და იქ ფრენები ვერ სრულდება, მათ ფრენები გაიზარდეს ტაილანდში, თურქეთსა და არაბთან გაერთიანებულ საამიროებში. ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სომხეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ამასთან, რუსული ავიაკომპანიები ჯამში დღიურად 1000-ზე მეტ შიდა ფრენას ასრულებენ, რაც 15%-ით ნაკლებია 2022 წლის დასაწყისთან შედარებით.

გასული წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობის “სანქციების საწინააღმდეგო” ღონისძიებების ნაწილი იყო. კანონი რუსულ ავიაკომპანიებს, რომელთაც თვითმფრინავები ლიზინგით აქვთ გადაცემული, საშუალებას აძლევდათ ისინი რუსეთში დაერეგისტრირებინათ. კერძოდ, კანონმა საშუალება მისცათ, ლიზინგით გადაცემული თვითმფრინავებით ოპერირება გაეგრძელებინათ. ამ ფორმით რუსეთმა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავები მიისაკუთრა.

როგორც Bloomberg წერს, რუსულ ავიაკომპანიებს ოპერირება თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიებისგან ყოველგვარი ტექნიკური შემოწმების გარეშე უწევთ. საუბარია პროგრამულ განახლებაზე და სხვა ტექნიკური სახის შემოწმებაზე, რაც თვითმფრინავის ოპერირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა და რასაც ადგილობრივი საავიაციო რეგულატორები ითხოვენ. როგორც გამოცემა წერს, რუსული ავიაკომპანიები ოპერირებას “მეგობრული” ქვეყნების დახმარებით აკეთებენ ან/და სხვა თვითმფრინავებს შლიან ნაწილების გამოსაყენებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები