მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს ყაზახურ Kaspi-ს? - მიხეილ ლომთაძის კომპანიამ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა

64c0c5a6bf828
გიორგი არონია
26.07.23 11:10
2354

ყაზახეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა ბანკმა Kaspi.kz-მა, რომელსაც ქართველი მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, 2023 წლის მეორე კვარტლის და ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-ი ტრადიციული გაგებით ბანკი არ არის. საბანკო სერვისებთან ერთად, Kaspi.kz-ი მომხმარებლებს ონლაინ-გადახდებისა და ონლაინ-ვაჭრობის სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს, ანუ გამოდის, რომ ტრადიციული ბანკინგი Kaspi.kz-ის ბიზნესმოდელის მხოლოდ ერთ ნაწილს შეადგენს. პორტფელის ასეთი დივერსიფიკაცია აისახება კომპანიის ყაზახეთის შიგნით დომინაციაზე, რაც, თავის წილ, დადებითად აისახება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე.

ფინანსური შედეგები Kaspi.kz-ს მართლაც შთამბეჭდავი აქვს, რადგან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, კომპანიის წმინდა მოგება $844.5 მილიონამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46%-იან მატებას ნიშნავს. წმინდა მოგების მაჩვენებლის, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი ზრდის ფონზე, კომპანიამ ერთბაშად 5%-ით, 30%-მდე გაზარდა მთლიანი წლის წმინდა მოგების ზრდის მაჩვენებელი. Kaspi.kz-ი დივიდენდური კომპანიაა, ასე რომ ამ თანხის განაწილებას ის აქციონერებზე გეგმავს. მიხეილ ლომთაძის მიერ შემოთავაზებული თანხა აქციაზე 750 ტენგეს, ანუ $1.70-ს უდრის, მაგრამ ეს მაჩვენებელი ჯერ აქციონერთა კრებამ უნდა დაამტკიცოს, რომლის სხდომა 23 აგვისტოს ჩაინიშნა.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც Kaspi.kz-ის ფინანსური ანგარიშიდან გამოიკვეთა და რომელსაც ასევე სჭირდება აქციონერთა კრების თანხმობა - საფონდო ბირჟაზე დალისტული აქციების გამოსყიდვა, ანუ ე.წ. “buy back”-ია. ამ შემთხვევაში, Kaspi.kz-ი $100 მილიონის აქციების გამოსყიდვას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებას კომპანიები იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა სჯერათ, რომ მომავალში, ანუ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიის აქციის ღირებულება მკვეთრად გაიზრდება. ამასთან, აქციების გამოსყიდვას აქციების ღირებულებაზე მკვეთრი დადებითი მოკლევადიანი გავლენაც აქვს, რადგან აქციების რაოდენობა იკლებს, მოთხოვნა კი იგივე რჩება ან იმატებს.

Kaspi.kz-ი მრავლისმომცველი ბიზნესია, რომელიც ბანკინგთან ერთად სხვა ბიზნესებსაც აერთიანებს. რეალურად, ეს მოდელი ახალი არ არის და მას “სუპერ აპის”, ანუ ე.წ. ყველაფრის აპლიკაციის პრინციპი ჰქვია. ეს მიდგომა კომპანიას, პირველ რიგში, ჰორიზონტალურად ზრდაში ეხმარება, რასაც, მოგვიანებით, კომპანიის მასშტაბთან ერთად, ვერტიკალური ზრდაც მოჰყვება. სწორედ სუპერ აპია ჩინური WeChat-ი, რომელიც აერთიანებს არამხოლოდ საბანკო სერვისებს, არამედ საკომუნიკაციო პლატფორმასაც. ამ მიდგომას იზიარებს ილონ მასკიც, რომელიც X Corporation-ს ქმნის. ყველაფრის აპლიკაციად გადაქცევის გეგმა აქვს ქართულ თიბისი ჯგუფსაც, რომელმაც ამ მიზნისთვის TNET-ი შექმნა.

ახლა კი, Kaspi.kz-ს დავუბრუნდეთ. 2023 წლის პირველ ნახევარში, კომპანიის ონლაინგადახდების ბიზნესის წმინდა მოგება 55%-ით გაიზარდა, ონლაინვაჭრობის შემთხვევაში კი, ანალოგიურმა მაჩვენებელმა 52%-ით იმატა. შედარებით დაბალი მარჟები დაფიქსირდა Kaspi.kz-ის ფინტექის ბიზნესში, რაც გასაგებიცაა, რადგან ამ მხრივ, Kaspi.kz-ის კონკურენცია უფრო მრავალფეროვანია.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც Kaspi.kz-ი ფინანსური ანგარიშგებიდან გამოიკვეთა, განცხადებების საიტებს უკავშირდება. ამ ბიზნესის გასავითარებლად, რომელიც, რეალურად, კასპის ონლაინვაჭრობის პლატფორმის ნაწილი გახდება, მიხეილ ლომთაძის კომპანიამ ყაზახეთის წამყვანი განცხადებების პლატფორმა - Kolesa შეიძინა. მარტივად რომ მიხვდეთ, ეს პლატფორმა დაახლოებით იგივეა, რაც ქართული myauto და myhome-ი, ანუ გამოდის, რომ მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში ამ ბიზნესის ათვისებასაც გეგმავს. ყაზახური Kolesa საკმაოდ მომგებიანი კომპანიაა, რომელმაც 2023 წლის 1-ელ კვარტალში თითქმის $61 მილიონი დოლარის შემოსავალი და თითქმის $14 მილიონის წმინდა მოგება ნახა. ამ კომპანიის 40%-იანი წილის შესყიდვა კასპის $88.5 მილიონი დაუჯდა.

“Kaspi.kz-ის განცხადებების საიტების ბიზნესზე ამ დრომდეც მისაუბრია. Kolesa-ს შესყიდვით, ავტომობილებისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის განცხადებების ბიზნესში Kaspi.kz-ი ყაზახეთში ბაზრის ლიდერად გადაიქცევა. ავტომობილის ან სახლის ყიდვა ორი დიდი გადაწყვეტილებაა, ხოლო Kolesa-ს დახმარებით, ამ ტრანზაქციების შუაგულში Kaspi.kz-ი მოექცევა. Kolesa სწრაფად მზარდი და ძალიან მოგებიანი ბიზნესია, ასე რომ ეს გარიგება პერსპექტიულია. ამრიგად, Kaspi.kz-ის პორტფელში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის სწრაფად მზარდi განცხადებების პლატფორმებს ვხვდებით.

Kolesa-ს 40%-იან წილს კერძო კაპიტალის კომპანიისგან ვყიდულობთ. კომპანიის 48.42% კვლავაც ჩემს საკუთრებაში რჩება, მაგრამ გარიგების თანახმად, ჩემი აქციების 11%-ს Kaspi.kz-ის ტრასტს გადავცემ. ამგვარად, Kaspi.kz-ი Kolesa-ს საკონტროლო წილის მფლობელი იქნება, რაც მას კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების გამოქვეყნების საშუალებას მისცემს”, - ვკითხულობთ მიხეილ ლომთაძის აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში.

Kaspi.kz-ი საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის ოქტომბრიდან ივაჭრება. თავის დროზე, კომპანიის ერთი აქცია $43-ის ფარგლებში ღირდა. საფონდო ბირჟაზე დალისტვიდან ზუსტად ერთ წელიწადში, კომპანიის აქციების ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს - აქციაზე $145-ს მიაღწია, მაგრამ მოგვიანებით, ყაზახეთში არსებული პოლიტიკური გადატრიალებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ფასი მკვეთრად შემცირდა.

გასული ერთი წლის განმავლობაში Kaspi.kz-ის ბირჟაზე მკვეთრი აღმასვლის დინამიკა აქვს. თუ ერთი წლის წინ კომპანიის ერთი აქცია $46-ად ივაჭრებოდა, დღეს მისი ფასი $85-ს აჭარბებს, რაც ზრდის 87%-იანი მაჩვენებელია. ამასთან, ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა Kaspi-ს საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც დღეს თითქმის $19 მილიარდის ტოლია. ამ მაჩვენებლით Kaspi.kz-ი რიგით 940-ე კომპანიაა მსოფლიოში.

Kaspi-ს აქციების ფასის ზრდასთან ერთად, ცხადია, იზრდება მისი თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მიხეილ ლომთაძის პირადი ქონების შეფასება. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მიხეილ ლომთაძის ქონება $4.1 მილიარდს შეადგენს, ანუ ის რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანია საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები