მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები მოუტანა EU-ში ყოფნამ ხორვატიას ათ წელიწადში?

640b295633c1e
გიორგი თოლორდავა
11.03.23 00:05
42106
ბოლოს ევროკავშირის კარები ათი წლის წინ გაიღო და 2013 წელს მისი ახალი წევრი ხორვატია გახდა. რა შედეგები მოუტანა ევროკავშირში გატარებულმა ათმა წელმა ხორვატიას და როგორ გაუმჯობესდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობა? - ეს ის საკითხია, რომელზეც ამ სტატიაში ვიმსჯელებთ

სანამ შედეგების შეფასებაზე გადავიდოდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო და ხორვატია გარკვეული პარამეტრებით საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს, ორივეს მოსახლეობა დაახლოებით 3.7 მილიონის ფარგლებშია; ტერიტორიის ზომაც თითქმის ერთნაირია. ხორვატიასაც, საქართველოს მსგავსად, ერთი მხრიდან ზღვა და ოთხი სახელმწიფო ესაზღვრება, მათ შორისაა: სერბეთი, სლოვენია, ბოსნია და უნგრეთი.

ამ მსგავსებების მიუხედავად, ამ ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მკვეთრი განსხვავებაც არის, მაგალითად, ხორვატიის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე 17,500 დოლარს აღწევს. საქართველოში კი მშპ ერთ სულზე 6,700 დოლარის ფარგლებშია. მარტივად რომ ვთქვათ, საქმე გაქვს თითქმის 11,000-დოლარიან განსხვავებასთან.

კიდევ ერთი საინტერესო ინდიკატორი მედიანური ხელფასია, რომელიც ხორვატიაში 2,200 დოლარს აჭარბებს, საქართველოში კი მედიანური ხელფასის სტატისტიკა ბოლოს ოქტომბერში გასაჯაროვდა და ის 900 ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 320 დოლარი იყო. ანუ ხორვატიაში თითქმის შვიდჯერ უფრო მაღალი მედიანური ხელფასია, ვიდრე საქართველოში.

და მაინც, რისი მიღწევა მოახერხა ხორვატიამ გასულ ათ წელში, ანუ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ? - პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა გაიზარდა თითქმის 16 მილიარდი დოლარით და ამჟამად ის $73 მილიარდის ფარგლებშია. IMF-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის ხორვატიის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 93 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 14 წელში დაფიქსირებული $36-მილიარდიანი ზრდა იქნება.

გარდა ამისა, ათ წელში ხორვატიაში უმუშევრობის დონე 20%-დან 7%-მდე შემცირდა, ანუ ხელფასების დრამატული ზრდის პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც. შედარებისთვის, საქართველოში უმუშევრობის დონე ამჟამად 16%-ის ფარგლებშია, 25-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 28%-ს აღწევს, რაც საგანგაშოდ მაღალ მაჩვენებლადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, ათ წლის წინ ხორვატიის იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლები საშუალოდ 20-22 მილიარდის ფარგლებში იყო, ამჟამად კი ორივე ინდიკატორი 40 მილიარდის ფარგლებშია, რაც იმას გულისხმობს, რომ სავაჭრო ბრუნვა გაორმაგებულია. ცხადია, ეს ზრდა ევროკავშირში გაწევრიანებითაა განპირობებული.

შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რას ყიდის ხორვატია ევროპაში და ამაზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ხორვატიის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ელექტრო დანადგარები, ხის მასალები, მსუბუქი ავტომობილები, ფოლადი, ლითონის დეტალები და პლასტმასია. ხორვატიას განსაკუთრებით მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვს გერმანიასა და იტალიასთან, აგრეთვე მაღალია ექსპორტის წილი მეზობელ ქვეყნებთან მიმართებითაც.

ხორვატიის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმია, რომელზეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20% მოდის. ტურისტული ნაკადები კი ხორვატიაში სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ გაიზარდა.

$16-მილიარდიანი ეკონომიკური ზრდა; ხელფასების თითქმის გასამმაგება, უმუშევრობის დონის 65%-ით შემცირება; ექსპორტისა და იმპორტის გაორმაგება, ტურისტული სექტორის აღზევება - ეს იმ სიკეთეების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რომელიც ხორვატიამ ბოლო ათ წელში, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მიიღო.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არ არის, ხორვატიის აღმასვლა სწორედ ახლა იწყება, რადგან 2023 წლის იანვრიდან ქვეყანა ევროზე გადავიდა და შენგენის ზონაშიც შევიდა. სავალუტო სისტემის ევროზე გადასვლა, ცხადია, მნიშვნელოვნად გაზრდის ინტეგრაციის დონეს და შეამცირებს ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო ბარიერებს.

ხორვატიას ახლა უკვე განვითარებული სახელმწიფოს სტატუსიც აქვს, რომელზეც ათი წლის წინ ოცნებაც კი ზედმეტი იყო. მის უსაფრთხოებაზე NATO ზრუნავს, ეკონომიკურ განვითარებაზე კი - ევროკავშირი. ეს არის ზუსტად ის, რისი მოცემაც დასავლეთს შეუძლია და რისთვისაც ბრძოლა ნამდვილად ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები