14 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიით ბრიუსელსა და პარიზს ეწვია. ვიზიტის მიზანი სომხეთისადმი ევროკავშირისა და საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერება და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოება იყო.
ბრიუსელში ფაშინიანმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან. მხარეებმა სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, რეგიონული სტაბილურობა და ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრების შედეგად, ევროკავშირმა “გლობალური კარიბჭის” სტრატეგიის ფარგლებში სომხეთში €2.5 მილიარდი ევროს ინვესტიციის განხორციელება დააანონსა. ინვესტიცია მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის სომხეთს €1.5 მილიონს გამოუყოფს.
ფაშინიანის ბრიუსელის ვიზიტი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, მარტა კოსთან შეხვედრით დასრულდა.
ბელგიიდან ფაშინიანი პარიზში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს სომხეთ-საფრანგეთის მჭიდრო პარტნიორობას. ფაშინიანისა და მაკრონის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფა საერთო მიზანია, რაც ორივე ქვეყნის აქტიურ ჩართულობას საჭიროებს.
ევროპის შუაგულში განხორციელებული ვიზიტებით პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მზაობა, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.




























