მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შედეგი მოჰყვება მშენებლობაში მცირე მეწარმეებისათვის შეღავათის გაუქმებას? - მოსაზრება

რომან გოცირიძე

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე მშენებლობაში მცირე მეწარმეებისთვის საშემოსავლო გადასახადის შეღავათის გაუქმებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით 200 მილიონი ლარი შევა ბიუჯეტში, რაც საერთაშორისო იზოლაციის ფონზე მნიშვნელოვანია ხელისუფლებისათვის.

ამასთან, მას ნაკლებად მოსალოდნელად მიაჩნია, რომ ცვლილება დასაქმებულების ხელფასებს შეამცირებს.

"ყველა დაქირავებული იხდის საშემოსავლოს ხელფასიდან 20 პროცენტის ოდენობით. სამშენებლო სექტორში იპოვეს ხვრელი-დაქირავებულ მუშებს აფორმებდნენ ინდმეწარმეებად და ისინი იხდიდნენ შემოსავლიდან 1 პროცენტს. სინამდვილეში ამ გადასახადს იხდის დამქირავებელი და ბიუჯეტისთვის ის უკავებს ფულს დაქირავებულს.

დღეიდან მცირე მეწარმეებისათვის დაწესებული ეს შეღავათი მშენებლობის სექტორში უქმდება. ამის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტში სამშენებლო ლობი, მაგრამ კანონი მაინც ამოქმედდა. რატომ აწყენინა მთავრობამ კალაძეს და კომპანიას, იმ მშენებლებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ოცნებასთან? იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით 200 მილიონი ლარი შევა ბიუჯეტში. საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ეს ფული საკმაოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისათვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, დღემდე სამშენებლო სექტორის დიდი ნაწილი საშემოსავლო გადასახადს ფაქტობრივად არ იხდიდა, რაც დარგობრივი შეღავათის ნაირსახეობაა, რაც არასწორია სამართლიანი კონკურენციის თვალსზრისით.

ჩნდება კითხვა-ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმში გადასვლა ხომ არ მოხდება მუშებისათვის ხელფასების შემცირების ხარჯზე? არა მგონია. ამ დარგში დიდი კონკურენციაა, ფიზიკურად აქტიური სამუშაო ძალისგან კი იცლება ქვეყანა. კვალიფიციური მუშის მოძებნა არაა ადვილი შრომის ბაზარზე",- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

დღეიდან, მშენებლობაში მცირე მეწარმეებისთვის გადასახადი ოცმაგდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები