მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შედეგით ასრულებს წელს ქართული საავიაციო ბაზარი?

ქუთაისის აეროპორტი

2025 წლის 11 თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. ოფიციალური სტატისტიკა სამივე საერთაშორისო აეროპორტში ზრდას აჩვენებს. ზრდაა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც, რაც ქართული საავიაციო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სამგზავრო გადაყვენებისგან განსხვავებით, სადაც რეალურად ქვეყანას მხოლოდ Georgian Airways ჰყავს, სატვირთო გადაზიდვებში ქართული კომპანიები უფრო აქტიურები არიან და თან არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე.

უშუალოდ საქართველოს აეროპორტების შემთხვევაში მგზავრები ასე ნაწილდება: თბილისის აეროპორტი - 4 981 865 მგზავრი, წლიური ზრდა 11%-ია. სიდიდით მეორე ქუთაისის აეროპორტი 1 692 513 მგზავრს მოემსახურა, ზრდა 7%-ს შეადგენს; ბათუმის აეროპორტით, რომელიც სეზონურად მიიჩნევა 1 165 767 მგზავრმა ისარგებლა; რაც წლიურ ჭრილში 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მთავრობა ზრდას საკუთარი სწორი საავიაციო პოლიტიკით ხსნის.

"საქართველოს საავიაციო სექტორი განაგრძობს განვითარებას. ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკით ვავითარებთ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ აეროპორტებს. შესაბამისად, ვზრდით მათ ეფექტიანობას, ვნერგავთ ახალ სერვისებს და ეს შედეგშიც გამოიხატება. თუ ავიღებთ 2024 წლის 11 თვის მაჩვენებლებს, უნდა აღინიშნოს, რომ რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს. მოვემსახურეთ დაახლოებით 8 მილიონამდე მგზავრს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იან მატებას გვიჩვენებს", - ამბობს "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მოადგილე თამარ იოსელიანი.

დღეის მდგომარეობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე 70-ზე მეტი ავიაკომპანია 100-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს. წელს ქართულ ბაზარს რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ავიაკომპანიაც დაემატა, რომლებსაც მთავრობამ საქართველოს მიმართულების პოპულარიზებისთვის ფულიც გადაუხადა. მათ შორის არიან ევროპული ავიაკომპანიები British Airways; Easyjet და edelweiss.

Lufthansa-ს ჯგუფში შემავალ Edelweiss-თან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 118 ათასი ევრო უნდა დაიხარჯოს. ეს თანხა შვეიცარიიდან ტურისტული ნაკადებისა და ევროპულ ბაზარზე ცნობადობის ზრდას უნდა მოხმარდეს. საქართველოს პოპულარიზებაში ტურიზმის ადმინისტრაცია 88.5 ათასი ფუნტს უხდის British Airways-ც.

ავიამიმართულების სტიმულირების პრაქტიკა კარგად დამკვიდრებული მეთოდია. ამ მეთოდს იყენებს ქართული მხარე Wizz air-თანაც, რომელიც უკვე წლები ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერია. მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯები - ამ დასახელებით გვხდება ის აეროპორტების გაერთიანების ანგარიშგებებშიც. ხარჯები მოიცავს ავიაკომპანიებისთვის გადახდილ თანხას, რომელიც გათვალისწინებულია სიხშირის და მგზავრთნაკადის გასაზრდელად.

მარკეტინგულ ხარჯებთან ერთად რა ზრდის ქართულ საავიაციო ბაზარს, ეს საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორს გიორგი მოლოდინაშვილს ვკითხეთ.

"გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინიშნება. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 14%-იანი ზრდა გვაქვს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ მოთხოვნა იზრდება. ასევე გვყვავს ახალი ავიაკომპანიები, რომლებმაც წელს დაიწყეს ფრენა. ესენი არიან როგორც ევროპიდან, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. უნდა აღნიშნოს, რომ ავიაციის სფეროში გაცილებით დიდია ზრდა აღმოსავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში", - ამბობს მოლოდინაშვილი.

11 თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ სატვირთო გადაზიდვებში 49%-იანი ზრდა ფიქსირდება და წელს თითქმის 34 ათასი ტონა ტვირთია საჰაერო გზით გადაზიდული. სატვირთო გადაზიდვების ასეთი ზრდა ელკომერციას უკავშირდება, რომელიც როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები გვეუბნებიან ისეთი საიტების პოპულარობამ განაპირობა როგორიც ჩინური ტემუა.

"ამ წლის მდგომარეობით ოთხი თვითმფრინავი გვყავს. დაგიდასტურებთ, რომ ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. ამ პროცესში საქართველო აქტიურად გამოიყენება: ტვირთები ჩამოდის საქართველოს აეროპორტებში და შემდეგ ქვეყნიდან გადის. ასევე საგრძნობლად გაიზარდა ტვირთბრუნვა ევროპის მიმართულებით. ელექტრონული კომერციის პლატფორმა „ტემუმ“ მნიშვნელოვნად გაზარდა ტვირთების მოცულობა. ჩვენი დაკვირვებით, მხოლოდ 2025 წელს ჯამურად დაახლოებით 15 000 ტონა ტვირთი გვაქვს გადაზიდული, საიდანაც 4 000 ტონა დარჩა საქართველოს აეროპორტში. დანარჩენი ტვირთი მთლიანად გადაიგზავნა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით", - გვეუბნება CAMEX Airlines-ის საოპერაციო დირექტორი შაკო სეთურიძე.

ქართულ საავიაციო ბაზარზე ძირითადად უნგრული ბიუჯეტური Wizz air, რომელიც წლებია მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს და თურქეთის სახელმწიფო კომპანია Turkish airlines-ი ლიდერობენ. თუმცა ბოლო წლებში, რაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგა გაიზარდა Georgian Airways-ის მგზავრებიც და შესაბამისად წილიც საავიაციო ბაზარზე. ის ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც რუსეთში დაფრინავს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, Georgian Airways-ს მხოლოდ Wizz air უსწრებს. მათ მოსდევთ ბიუჯეტური Pegasus და Turkish Airlines-ი.

"კომპანია „გასა“ უკვე 10 წელზე მეტია, რაც Pegasus-ისა და Air Arabia-ს ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში. Pegasus-ი საქართველოს სამ აეროპორტში ასრულებს რეისებს: ბათუმი, ქუთაისი და თბილისი. ბათუმის შემთხვევაში დატვირთულობა 11%-ით გაიზარდა, ქუთაისში ზრდა 11% გვქონდა, თბილისის შემთხვევაში კი წლიური ზრდა 4%-ს შეადგენს. რაც შეეხება სიხშირეს, Pegasus-ის რეისები გაცილებით მეტი სიხშირით სრულდება სამივე აეროპორტში. საერთო ციფრი რომ გითხრათ, ზრდა 7%-ია. ეს ძალიან კარგი შედეგია როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე თავად Pegasus Airlines-ისთვის", - ამბობს GASA-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გახელაძე.

ქართულ საავიაციო ბაზარზე ორი რუსული ავიაკომპანია Azimuth და Redwings დაფრინავს. 2023 წელს მთავრობამ ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკის და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინა. სამი კვარტალის მონაცემებით, წელს პირველად (9 თვის მონაცემებით) რუსული Red Wings-ი ლიდერი ავიაკომპანიების ხუთეულშიც მოხვდა 408 ათასი გადაყვანილი მგზავრით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები