ესპანეთის მდგრადი რესტორნების გამოცდილების გასაზიარებლად, საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია და ესპანეთის მდგრადი რესტორნების ასოციაცია, 1 წელზე მეტია ახორციელებენ პროექტს, რომელიც სარესტორნე ბიზნესში მდგრადობის პრინციპების დასანერგად თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული მაგალითების მიწოდებას ითვალისწინებს.
მიმდინარე თვეს, პროექტის ფარგლებში ქართველი რესტორატორებისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი ბარსელონაში იმყოფებოდა. ტურის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ბარსელონაში, კვების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართული სამზარეულოს გამორჩეული ნიმუშების დემონსტრირება მოხდა.
რა ცოდნითა და შედეგებით დაბრუნდნენ რესტორატორები ესპანეთიდან - "საქმიანი დილას" ეთერში ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ და რესტორან "დების" დამფუძნებელმა, მარიკა თვარაძემ ისაუბრეს.
პროექტის შექმნის იდეაზე კოტე გაბრიჩიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზანი ქართულ სარესტორნო სფეროში მდგრადი გადაწყვეტილებების დანერგვა და, ამ გზით, გარემოს მოფრთხილებაა.
"ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში ამ თემას - მწვანე ტრანსფორმაციას და მდგრადობას - დიდი ხანია დიდ ყურადღებას უთმობენ. ჩვენთან ცოტა დაგვიანებით, მაგრამ შემოდის. გავაკეთეთ გარკვეული კვლევა და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე რესტორანში, თითო-ოროლა კერძო ინიციატივით, რაღაც პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ამას სჭირდება უფრო მასიური აზროვნება, მომხმარებლის სურვილი, რომ განხორციელდეს, მთავრობისგან მზაობა და ინიციატივები და, რაც მთავარია, ბიზნესის მზაობა და სურვილი. იმიტომ რომ მდგრადობა არის აგებული პრინციპზე, რომ ჯერ შენ დადექი მყარად ფეხზე, შენ გაუფრთხილდი შენივე გარემოში სწორად პროდუქტს, ელექტროენერგიას, გადასაყრელ ნაგავს და სხვა. სწორად მოპყრობა ნიშნავს, რომ ყაირათიანად ხარჯავ, ფიქრობ ხვალინდელ და ზეგინდელ დღეზე. შესაბამისად, შენ თვითონ დგახარ ფეხზე და უკვე ზრუნავ შენს ქალაქზე, ქვეყანაზე და, რასაკვირველია, გარემოზე.
ეს პროექტი ჩვენ და ესპანელებმა გავაკეთეთ Care Caucasus-თან ერთობლივი პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებით. პროექტი წელიწადზე მეტია, საკმაოდ წარმატებულად მიდის. პირველ რიგში ჩამოვიდნენ ესპანელები და ნახეს ჩვენთან რა ხდება, სად ვართ განვითარების მხრივ. მერე უკვე ჩვენთვის სპეციალურად შეიქმნა პროგრამა, რომლითაც პროფესიული სასწავლებლების 12 მასწავლებელი გადამზადდა. თეორიული სწავლების პირველ ეტაპზე კი მოსწავლეების რაოდენობა 70-ს გადასცდა. მოსწავლეს ვამბობთ, მაგრამ ეს არის ძალიან რთული კურსი ტოპ-მენეჯერებისთვის, ან CEO-ებისთვის, შეფმზარეულებისთვის. შემდეგი ეტაპი იყო, რომ პირველი ტალღის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა პრაქტიკაში ნახეს, როგორ არის ეს ყველაფერი ესპანეთში დანერგილი", - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.
ბარსელონაში მიღებულ გამოცდილებაზე BMG-ის ეთერში ქუთაისში მოქმედი რესტორნის, "დების" დამფუძნებელმა, მარიკა თვარაძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი პროექტები ბიზნესისთვის მოტივაციაა, რომ საკუთარ ობიექტებზე მდგრადი სისტემები დანერგონ.
"როცა თეორიულ კურსს გავდიოდით, რამდენჯერმე ვიფიქრე, რომ წარმოუდგენელიც არის, ჩვენს პირობებში მდგრადი მეთოდები დავნერგოთ... მაგრამ როცა ადგილზე ჩავედით და ჩვენი თვალით ვნახეთ, იმედი გამიჩნდა, რომ პატარა ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია. სხვადასხვა ტიპის რესტორნებში ვიყავით - იქ იყო მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნები, პატარა ესპანური ტავერნები - და გაოცებული დავრჩი, რომ აი ისეთ პატარა ესპანურ ტავერნაში ჰქონდათ სპეციალური აპარატი, რომელიც ზეთს ფილტრავს, და ღუმელი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აცხელებს კერძებს. ძალიან საინტერესო იყო.
ესეთი პროექტები ჩემთვის თან მოტივაციაც იყო, იმედის მომცემიც და თან, რომ გითხრათ, ზოგ საკითხში თვითშეფასებაც ამიმაღლდა. ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც და რესტორნებშიც, ისე ცუდად არ გვაქვს საქმე, როგორც შეიძლება, შორიდან ჩანდეს. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ამ სფეროში ცოდნის მიღებას, პირველ რიგში, იმიტომ რომ სულ პატარა ნაბიჯებით შეიძლება ალბათ მსგავსი რაღაცის დანერგვა ჩვენთანაც", - აღნიშნა შეფმზარეულმა.
ბარსელონაში ტურის ფარგლებში, ქართველი რესტორატორები კატალონიის გასტრონომიულ გამოფენასაც დაესწრნენ. როგორც "საქმიანი დილას" სტუმრები აღნიშნავენ, პანელური დისკუსიების ფონზე, ქართველ შეფმზარეულებს შესაძლებლობა მიეცათ, ესპანელთათვის ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები მოემზადებინათ.




























