ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული "მშვიდობის საბჭოს" პირველი სამიტი გაიმართა. როგორც ირკვევა, შეხვედრამ კონკრეტული შედეგები გამოიღო როგორც ფინანსების მობილიზების, ისე სამშვიდობო ძალების ჩამოყალიბების კუთხით.
კერძოდ, წევრმა ქვეყნებმა ღაზას სექტორის აღდგენისთვის ჯამურად $16.5 მილიარდი გამოყვეს. აშშ-ის წილი ამ მხრივ $10 მილიარდი იქნება, თუმცა ეს თანხა 10 წელზე გადანაწილდება.
აქვე აღსანიშნავია არაბთა გაერთიანებული საამიროების წილი, რომელმაც საერთო ფონდში $1.2 მილიარდის ჩადების პირობა დადო. შედარებისთვის, მეზობელი საუდის არაბეთი მხოლოდ $1 მილიონს გამოყოფს.
რაც შეეხება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას, რომელიც პრეზიდენტის დონეზე იყო წარმოდგენილი, ღაზას აღდგენაზე $75 მილიონს დახარჯავს. აქვე უნდა ითქვას, რომ დასახელებული თანხები სამართავად მსოფლიო ბანკი გადაეცემა.
რაც შეეხება ღაზას სექტორის სტაბილიზაციის ძალებს, ანუ სამშვიდობო ჯარებს, რომლებმაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტის განახლება უნდა აღკვეთონ და სექტორის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ, ამ მხრივ საკუთარი სამხედრო რესურსის გამოყოფის მზაობა 5-მა სახელმწიფომ, ყაზახეთმა, მაროკომ, ეგვიპტემ, იორდანიამ, კოსოვომ და ინდონეზიამ გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საერთო სამშვიდობო ძალებისთვის 8,000 ჯარისკაცს ამზადებს. რაც შეეხებათ დანარჩენ წევრებს, მათ საკუთარი კონტინგენტის მოცულობაზე არ უსაუბრიათ.
ცნობისთვის, 2023-2025 წლების ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე ღაზას სექტორი აღდგენის ჯამურმა ღირებულებამ $50-დან $70-მილიარდამდე მიაღწია. ტრამპი პირობას დებს, რომ მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად კონფლიქტის ზონას მშვიდობის კუნძულად გადააქცევს და რეგიონში კონფლიქტს სრულად დაასრულებს. თუმცა ამჟამად მთავარ გამოწვევად ღაზაში დარჩენილი ჰამასის განიარაღებაა. შტატების ლიდერი არაბ პარტნიორებთან ერთად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები მსგავს ნაბიჯზე დაითანხმოს, თუმცა სანაცვლოდ ტერორისტები ღაზას სამშვიდობო ძალებში, ასევე ახალ ადგილობრივ საპოლიციო ორგანოებში ინტეგრირებას ითხოვენ. ეს კი ისრაელისთვის კატეგორიულად მიუღებელია.




























