"ევროპაბეთი" პირველი აზარტული თამაშების კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ბაზრიდან 2024 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 2 მილიონი ლარით, 167 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 1.4 მილიონი ლარით გაიზარდა კომპანიის მოგება, რაც გასულ წელს 38 მილიონ ლარს უდრიდა.
ონლაინ-კაზინოს შემოსავალი არის ფსონების სახით მიღებულ თანხას გამოკლებული გაცემული მოგება. ამ მაჩვენებელს GGR ეწოდება. შესაბამისად, ევროპაბეთისთვის 167 მილიონი ლარი არის სხვაობა იმ თანხას რაც ევროპაბეთმა ფსონების სახით მიიღო და მოგების სახით გასცა.
მთავრობა აზარტული თამაშების კომპანიებს GGR-ის საფუძველზე ბეგრავს. კერძოდ, 2024 წელს ონლაინ-კაზინოს გადასახადი GGR-ის 15%-ით განისაზღვრებოდა, რაც ევროპაბეთს 27 მილიონი ლარი დაუჯდა. 2025 წლიდან ეს განაკვეთი 20%-მდე გაიზარდა. ხოლო ტოტალიზატორის თამაშებზე მიღებული ფსონები 7%-ის ოდენობით იბეგრება, ამ მიმართულებით ევროპაბეთმა 14.2 მილიონი ლარი გადაიხადა. მთლიანობაში ონლაინ თამაშების საგადასახადო ხარჯი 41 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 11 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, კომპანიამ გასულ წელს 4.3 მილიონი ლარი გადაიხადა ფიქსირებულ სათამაშო გადასახადებსა და მოსაკრებლებზე, 1.2 მილიონი ლარი კი რეგულირების საფასური იყო. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, "ევროპაბეთმა" 22.7 მილიონი ლარი გადაიხადა თამაშების მომწოდებლების ლიცენზიებში, 18.3 მილიონი ლარი იყო საგადახდო სისტემების პროვაიდერების საკომისიოები, 4 მილიონი ლარი კი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ხარჯები იყო. თანამშრომელთა ხელფასებზე კი კომპანიამ 26 მილიონი ლარი მიმართა. ამასთან, მარკეტინგული ხარჯები 12.3 მილიონი ლარი იყო.
ევროპაბეთი სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიის Betsson AB-ს საკუთრებაა. კომპანია საქართველოს გარდა საქმიანობს მალტას, იტალიის, დანიის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, გერმანიის, ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის, ნიგერიის, არგენტინის, კოლუმბიის, ხორვატიის, ბელგიის, სერბეთის, საფრანგეთისა და პერუს ბაზრებზე.
2024 წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.1 მილიარდ ევროს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 150 მილიონი ევროთი მეტი იყო. კომპანიის წმინდა მოგება 184 მილიონ ევროს შეადგენდა.



























