მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Pepsico საქართველოს, რომელიც Carlsberg Group-მა იყიდა

pwps

დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „იბერია რეფრეშმენტსი“, რომელიც საქართველოში PepsiCo-ს ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და იმპორტიორია, მფლობელს იცვლის და მას დანიური Carlsberg Group-ი ყიდულობს. ამ დრომდე ჯგუფის მფლობელი იყო არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული Al Shafar Group-ი, რომელიც ბიზნესმენ აჰმად აბდულა ალი ალ შაფარს ეკუთვნის. კომპანია საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე ფლობდა პეპსიკოს წარმოების ლიცენზიებს.

2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „იბერია რეფრეშმენტსის“ წლიურმა ამონაგებმა 123.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.07%-ით ნაკლებია. აღნიშნული შემოსავალი მოიცავს როგორც პეპსიკოს სასმელების, ასევე პეპსიკოს სნექების - Lay’s, Doritos, Cheetos და Hrusteam-ის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს.

„საქართველოში აღნიშნული პარტნიორობა Iberia Refreshments-ის შეძენის გზით განხორციელდება. Carlsberg Group-სა და Revery-ს, Iberia Refreshments-ის ამჟამინდელ მფლობელს, შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, Carlsberg Group შეიძენს როგორც Iberia Refreshments-ს საქართველოში, ასევე Pepsi Cola Bottler Armenia-ს სომხეთში.

დაგეგმილი შესყიდვები ორივე ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შემდგომ ეტაპს წარმოადგენს და მათი შემდგომი ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მთლიანი ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, რაც კვლავ ექვემდებარება სომხეთში დაგეგმილი შესყიდვის მარეგულირებელი ორგანოს თანხმობას, პარტნიორობა ძალაში შევა, ხოლო საქართველო და სომხეთი Carlsberg-ის საოპერაციო ბაზრები გახდებიან. Iberia Refreshments-ისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო ზრდისთვის იმ საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება და მასშტაბი გააჩნია“, - აღნიშნულია Carlsberg Group-ის განცხადებაში.

Carlsberg Group-ი არსებული მდგომარეობით მსოფლიოს 17 ბაზარზე წარმოადგენს Pepsico-ს სასმელების და სნექების ლიცენზიანტს, ესენია: დიდი ბრიტანეთი; ირლანდია; ნორვეგია; შვედეთი; შვეიცარია; ყაზახეთი; ყირგიზეთი; ლაოსი; კამბოჯა; დანია; ფინეთი; ესტონეთი; ლატვია; ლიეტუვა. 2027 წლიდან საქართველო და სომხეთი; 2029 წლიდან კი აზერბაიჯანი.

„იბერია რეფრეშმენტსის“ 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავლის ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებზე მოდიოდა. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებიდან მიღებულმა ამონაგებმა 120.7 მილიონი ლარი, ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 2.9 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლის 76.7 მილიონი ლარი გადასაყიდად ფლობილი საქონლის (სნექების), ხოლო 46.8 მილიონი ლარი მზა პროდუქციის (სასმელების) გაყიდვიდან იყო მიღებული.

კომპანიამ 2025 წელი 2.27 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როცა 2024 წლის ზარალი 2.45 მილიონ ლარს შეადგენდა.

2025 წლის ბოლოს „იბერია რეფრეშმენტსის“ აქტივების ჯამური ღირებულება 55.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ვალდებულებები კი 59.7 მილიონ ლარს. კომპანიის საკუთარი კაპიტალი უარყოფითი იყო და -4.19 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ შორის, სესხებისა და ნასესხები სახსრების ჯამური მოცულობა 42.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანიის 2025 წლის ანგარიშგების მიხედვით, წლის ბოლოს „იბერია რეფრეშმენტსში“ 502 ადამიანი იყო დასაქმებული, 2024 წლის 539 თანამშრომელთან შედარებით.

„იბერია რეფრეშმენტსი“ საქართველოში PepsiCo-სთან გაფორმებული ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გაზიან უალკოჰოლო სასმელებს აწარმოებს და ყიდის. კომპანია ასევე PepsiCo-ს რამდენიმე პროდუქტის იმპორტიორია და მათ საკუთარი სადისტრიბუციო არხებით ავრცელებს.

2025 წლის ანგარიშგებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წელს კომპანიამ PepsiCo-სთან 5-წლიანი ჩამოსხმის ექსკლუზიური ნებართვისა და ბიზნესის განვითარების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები