ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია „იზი ჩარტერმა“ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიამ ფრენების შესრულებიდან 20.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შემოსავალზე - 66 მილიონ ლარზე სამჯერ ნაკლები იყო. ამასთან, ფინანსური ანგარიშის თანახმად, შემცირდა კომპანიის წმინდა მოგების მაჩვენებელიც, რამაც 670 ათასი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წელს კომპანიის მოგება 10.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
ავიაკომპანიის საკუთრებაშია ერთი A300 ტიპის ხომალდი.
„თვითმფრინავი ბაზირებულია საქართველოში და რეისები ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ასევე ავიაკომპანია ახორციელებს საერთაშორისო რეისებს მესამე ქვეყნებს შორის. ჯგუფი ოპერირების ძირითადი არეალია ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის კონტინენტი. მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში ჩარტერული რეისების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა 20,094,536 ლარს“, - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ავიაკომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მათმა საოპერაციო ხარჯებმა რაც საწვავს, სახარჯ მასალებს მოიცავს 19.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
„2020 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ დაასრულა ევროპისა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების პროცესი (რომელსაც არაერთი თვე დასჭირდა), რამაც საშუალება მისცა ეფრინა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ამან სრულიად ახალი ბაზარი შექმნა ჯგუფისთვის, სრულად განსხვავებული კლიენტებითა და საფასო პოლიტიკით.
ჯგუფმა მნიშვნელოვნად გააფართოვა კლიენტების, შეთავაზებული სერვისების რაოდენობა, ფრენების არეალი. დაემატა ისეთი დამკვეთები, როგორიცაა მაგ. “Maersk“, “DSV”, “Bollore Logistics”, “Dynami Aviation”, “DHL”, “ARAMEX” და ა.შ. ფრენების არეალში მნიშვნელოვანი წილი კვლავ დარჩა ე.წ. „ცხელ წერტილებს“, როგორიცაა ავღანეთი, იემენი, ერაყი, აფრიკის კონტინენტი, თუმცა ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის დასრულების შემდგომ იქ მხოლოდ ისეთი ორგანიზაციები დარჩნენ, როგორიცაა, გაერო, „ექიმები საზღვრებს გარეშე“, წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად შეიცვალა ტვირთის სახეობაც ავღანეთში (მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთები) და საერთოდ შევწყვიტეთ იქიდან ტვირთის გამოტანა, ვინაიდან ვერ ხერხდება გასაგზავნი ტვირთის ზუსტი კონტროლი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩვენ დავუდეთ საფუძველი ასეთ რეისებს ავღანეთში და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ იმ მცირე რაოდენობის ავიაკომპანიათაგანი ვართ, რომელიც ევროპიდან დაფრინავს ავღანეთში (თბილისის გავლით). ეს მიმართულება, ჩვენი აზრით, კიდევ რამდენიმე წელი იქნება აქტუალური“, - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.