კომპანია "ყვარლის ბაგა" საქართველოში უმსხვილესი რძის მწარმოებელი ფერმაა. კომპანიას ამ დროისთვის 2023 წლის ფინანსური ანგარიში აქვს გამოქვეყნებული.
კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგების თანახმად, 2023 წელს "ყვარლის ბაგას" მთლიანი შემოსავალი შეადგინა 30,080,844 ლარი, რაც 16%-ით მეტია წინა წლის 25,946,387 ლართან შედარებით. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებულია ფერმის გადაფასებით მიღებული შემოსავლებით და რძის რეალიზაციის ზრდით.
უფრო დეტალურად, კომპანიის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- შემოსავალი რძის რეალიზაციიდან - 23,985,577 ლარი, ზრდა 13.3%;
- ფერმის გადაფასებით მიღებული შემოსავალი - 5,886,136 ლარი, ზრდა 32%;
- შემოსავალი სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებიდან - 947,783 ლარი, კლება 44%.
კომპანიის მოგებამ 2023 წელს 4.2 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, "ყვარლის ბაგას" მთავარ ხარჯს ძროხის საკვების შეძენა წარმოადგენდა, რაც 2023 წელს 12.1 მილიონ ლარს შეადგენდა. ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 2.7 მილიონი ლარი იყო, სახელფასო ხარჯი კი 1.6 მილიონი. მთლიანობაში წარმოებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა 18.8 მილიონი ლარი შეადგინა. ადმინისტრაციული ხარჯები კი 0.7 მილიონი ლარი იყო.
"ყვარლის ბაგას" აქტივების ღირებულება 105 მილიონ ლარს, მთლიანი ვალდებულებები კი 48.6 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-ის მესაკუთრე ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია.
2024 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ "ყვარლის ბაგა" ჩართულია სასამართლო დავაში კომპანია "ჩირინასთან", რაც 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ყვარლის "ბაგამ შეიძინა" ფრინველის ნაკელი, რომელსაც ის პირუტყვის კვებაში იყენებდა. კომპანიის შეფასებით, ნაკელი უხარისხო იყო და მან პირუტყვის დაცემა გამოიწვია. კომპანია მიყენებული ზარალის გამო 4.7 მილიონი ლარის ანაზღაურებას ითხოვდა.
რამდენიმე დღის წინ კი "რადიო თავისუფლებას" სტატიიდან ცნობილი გახდა, რომ "ყვარლის ბაგამ" თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმარჯვა და ჩირინას მის სასარგებლოდ 4.6 მილიონი ლარის ანაზღაურება დაეკისრა.