დაახლოებით 4 წელია, სასამართლოში ლაშა პაპაშვილის "ყვარლის ბაგასა" და რევაზ ვაშაკიძის კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია ჩირინას" შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.
საქმის მასალების მიხედვით, დავის საგანი ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი “ჩირინას" მიერ მიწოდებული ქათმის ნაკელია, რომელმაც " ყვარლის ბაგას" ცხოველების ნაწილი დახოცა. ქათმის ფერმაში ამბობენ, რომ მათ პროდუქცია არა - საკვებად, არამედ სასუქად მიჰყიდეს, მისით ცხოველების კვება აკრძალულია და ამიტომ, არ შევლენ დავის სხვა დეტალებში. მოსარჩელე მხარე კი ამბობს, რომ "ჩირინას" არაერთი სიტყვიერი და წერილობითი რწმუნების მიუხედავად, რომ ასე არ იქნებოდა, ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.
4-წლიანი დავა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ახლა ისევ პირველ ინსტანციაშია ჩაბრუნებული. რუსთავის სასამართლომ "ყვარლის ბაგას" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. “ყვარლის ბაგა” 4.7 მლნ ლარის ზარალის ანაზღაურებისთვის, 2 მლნ ლარამდე თანხას ითხოვს.
- განადგურებული რძის ღირებულება: შპს “ჩირინას” დაეკისრა 64 214 ლარის გადახდა;
- ცხოველების განადგურების გამო ზიანის ანაზღაურება: მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
- ადვოკატების ხარჯი: "ჩირინას" დაეკისრა 2 568 ლარის გადახდა "ყვარლის ბაგისთვის". ხოლო "ყვარლის ბაგას" 10 000 ლარის გადახდა "ჩირინასთვის".
გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ორივემ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა. სააპელაციოს გადაწყვეტილების შედეგად კი, 30 აგვისტოს დავა ისევ პირველი ინსტანციიდან იწყება, რადგან ორივე მხარისათვის მიუღებელი აღმოჩნდა რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილება. არც ლაშა პაპაშვილი ეთანხმება მხოლოდ 64 212 ლარის ანაზღაურებას და მეორე მხრივ, “ჩირინაც” მიიჩნევს, რომ სარჩელი, საერთოდ უსაფუძვლოა.
bm.ge საქმის მასალებს მიღმა პოზიციის გასაგებად მსხვილი ბიზნესის ორივე წარმომდგენელს დაუკავშირდა.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის პოზიცია
“ჩვენ "ჩირინასგან" სამი სახის პროდუქციას ვყიდულობდით - ეს იყო ქათმის სისხლი, ბუმბული და ნაკელი. ეს მთელს მსოფლიოში ამ ინდუსტრიაში გამოიყენება როგორც საკვები პროტეინი. საქმეში არაერთი კვლევა დევს, როგორც ამერიკული, ისევე ევროპული. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რა უკვირთ და რატომ არ იციან, რომ საკვები დანამატია. 40 კგ საკვებს თუ მოიხმარს ერთი ცხოველი, შეიძლება 40 გრამი იყოს ეს დანამატი: ბუმბული, სისხლი და საკვები.
ჩვენი დავის მთავარი არგუმენტია ის, რომ ამ ადამიანებმა იცრუეს. საუბარია 2 მენეჯერზე, რომლებთანაც არაერთი სიტყვიერი კომუნიკაციის გარდა, გვაქვს წერილობითი დადასტურება, სადაც ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქცია არ შეიცავს ანტიბიოტიკს. ამ დროს, იყო ანტიბიოტიკით უკიდურესად გაჯერებული. ეს დოკუმენტი მე ბატონ რევაზსაც (რევაზ ვაშაკიძე) წარვუდგინე და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მტკიცებულება, რომ ამ ადამიანებმა იცრუეს. ჩვენს მენეჯმენტს მოუწია დადგენა, რომ ანტიბიოტიკი ნამდვილად არის სხვადასხვა წყაროებიდან. ეს მტკიცებულებები ჩვენ სასამართლოზეც წარვადგინეთ და ახლა, გადავიდნენ ახალ მტკიცებაზე, რომ ეგონათ, საკვებად არ გამოვიყენებდით. ჯერ ერთი, იცოდნენ, რისთვისაც გვინდოდა და რომც არ სცოდნოდათ, რა მნიშვნელობა აქვს? ხომ ფაქტია, რომ მათ იცრუეს. ეს ლაბორატორიულადაც დაზუსტებულია.
მე, ბატონ რევაზსაც შევხვდი და ავხსენი, რომ არ ვარ სასამართლო დავების მოყვარული ადამიანი. ერთ ინდუსტრიაში ვართ და ერთ გარემოში უნდა ვაკეთოთ ბიზნესი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვრიგდით. მისი პირობები ძალიან შორს იყო ჩვენი ზიანიდან".
“ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძის პოზიცია
"ნაკელი, რომელსაც ქათამი გამოყოფს, თივასთან ერთად ერევა და გამოიყენება მიწის განაყოფიერებისთვის, რადგან ქათმის საკვებში აზოტი, ფოსფორი და სხვა ნივთიერებებია. ეს პროდუქტი სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც გვაქვს დარეგისტრირებული და ჩვენ, მას ვყიდით. წლიური წარმოება, დაახლოებით, 15 ათასი ტონაა. ერთ-ერთი შემსყიდველი "ყვარლის ბაგა" იყო, რომელმაც როგორც გაირკვა ძროხების საკვებად გამოიყენა, შედეგად კი ასაჩივრებენ, რომ ძროხები დაეხოცათ.
საქმის მოკლე შინაარსი ასეთია. ახლა, ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას, რომ ძროხები დაეხოცათ. მიჭირს, მოლოდინთან დაკავშირებით რამე ვთქვა. ჩემთვის, წარმოუდგენელია საერთოდ რატომ განიხილავს ამ საკითხს სასამართლო. ჩვენ, არ შევდივართ სიღრმეებში, მოწამლა თუ არა ნამდვილად ან, როგორ იმოქმედა ცხოველებზე პროდუქციამ, რომლითაც ცხოველების კვება აკრძალულია, როგორც საკვები".
საქმის მასალების მიხედვით, ლაბორატორიის დასკვნით, ნაკელი შეიცავდა ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს, მაგრამ "ჩირინა" ირწმუნება, რომ ის არ წარმოადგენს აკრძალულ ვეტ-პრეპარატების ნარჩენს, რაზეც სამინისტროს და ექსპერტიზის დასკვნაც წარდგენილი აქვთ. ამიტომ, არ მიაჩნიათ დარღვევად, რომ "ყვარლის ბაგას" წინასწარ არ აცნობეს აღნიშნული.
თავის მხრივ, “ყვარლის ბაგას” წარდგენილი აქვს დოკუმენტი, სადაც მიმწოდებელს უსვამს კითხვას, შეიცავს თუ არა პროდუქცია ანტიბიოტიკს, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღეს.
ახლა, მოსამართლემ უნდა გაარკვიოს, ერთის მხრივ, არის თუ არა ნაკელის გამოყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვებად დაშვებული, ხოლო, მეორეს მხრივ, დაარღვია თუ არა "ჩირინამ" ნედლი რძის მწარმოებელი ფორმისთვის პროდუქციის მიწოდების პირობები.