თბილისის მიკროავტობუსების ჰოლდინგში შემავალი კომპანიების შემოსავალი 2023 წელს 122.7 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 8.5 მილიონი ლარით ნაკლებია. შემცირდა ჯგუფის მოგებაც, და ის 17.9 მილიონ ლარს შეადგენდა, ნაცვლად 2022 წელს არსებული 29.3 მილიონისა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას ოთხი კერძო კომპანიისგან შემდგარი ჰოლდინგი აწარმოებს. თბილისს ყოველდღიურად 1000-მდე მიკროავტობუსი ემსახურება და მათში გადახდა მხოლოდ უნაღდოდ წარმოებს. ჰოლდინგში ოთხი კომპანია - „თბილ ლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“ და შპს „ფაბლიქ ქარი” არიან გაერთიანებული.
2021 წლიდან თბილისის მიკროავტობუსების განახლება მოხდა. მოძველებული ყვითელი მიკროავტობუსები ლურჯი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდა, ასევე მიკროავტობუსები უნაღდო გადახდის სისტემაზე გადავიდნენ, ხოლო მათი სატარიფო და საგადახდო სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საგადახდო სისტემასთან გაერთიანდა.
"ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდება ინტეგრირებული გადახდის სქემის მეშვეობით. მგზავრობის საფასურის სახით მიღებული შემოსავლების მიმღები არის სსიპ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
თბილისის მიკროავტობუსის მთავარი დანახარჯი მიკროავტობუსის მძღოლების ანაზღაურებებს წარმოადგენს. 2023 წელს ჯგუფმა ხელფასებზე 48.9 მილიონი ლარი დახარჯა. ამასთან, ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის მოგების კლება ძირითადად სწორედ ხელფასების მატებამ განაპირობა.
ცნობისთვის, თბილისის მიკროავტობუსში შემავალი ოთხივე კომპანია ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას CBS ჰოლდინგში შედის.




























