მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს "თელასის" ჯგუფს, რომლის 75%-საც EU-ის მიერ სანქცირებული Inter Rao ფლობს

თელასი

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Inter Rao "თელასის" ჯგუფის 75.47%-ის მფლობელია. თავის მხრივ, ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტით Inter Rao-ს წინააღმდეგ ფინანსური სანქციები ამოქმედდა.

არსებული მდგომარეობით, "თელასმა" და მასთან დაკავშირებულმა "თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ" (თელმიკომ) 2025 წლის ფინანსური შედეგები უკვე წარადგინეს, რომელთა მიხედვითაც კომპანიების აქტივების ჯამური ღირებულება 970 მილიონ ლარს აღემატება, აქედან "თელასის" აქტივები 694.8 მილიონი ლარი იყო, ხოლო თელმიკოს - 275.8 მილიონი ლარი.

2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, "თელასმა" 76 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, ხოლო "თელმიკომ" 53.7 მილიონი ლარის წმინდა ზარალი დააფიქსირა.

2020 წელს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები ერთმანეთისგან გაიმიჯნა.

ამ ცვლილებების შემდეგ, "თელასი" დარჩა თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის ოპერატორად, ხოლო თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (თელმიკო) ჩამოყალიბდა უნივერსალურ მიმწოდებლად, რომელიც დედაქალაქის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და შესაბამის კატეგორიას მიკუთვნებულ იურიდიულ პირებს ელექტროენერგიით ამარაგებს.

2025 წლის ბოლოსთვის "თელმიკოს" 762 454 აბონენტი ჰყავდა, რაც მას საქართველოში ელექტროენერგიის ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად აქცევს. ამავე პერიოდში "თელმიკოს" აქტივების მოცულობა 275.8 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო "თელასის" აქტივები 694.8 მილიონ ლარს აღწევდა.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წელს "თელმიკოს" შემოსავალმა მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან 707.1 მილიონი ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში კომპანიის ელექტროენერგიის შესყიდვისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ხარჯები 771.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ხარჯების ყველაზე მსხვილი კომპონენტები იყო:

  • ელექტროენერგიის შესყიდვა — 393.8 მილიონი ლარი;
  • გამანაწილებელი მომსახურება — 224.7 მილიონი ლარი;
  • გადაცემის მომსახურება — 108.4 მილიონი ლარი.

გამანაწილებელი მომსახურების საფასური წარმოადგენს თანხას, რომელსაც თელმიკო თელასს უხდის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მომსახურებისთვის. შესაბამისად, თელმიკოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი "თელასის" შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

"თელასის" ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან 235.1 მილიონი ლარი შეადგინა.

აქედან 224.7 მილიონი ლარი ელექტროგამანაწილებელი მომსახურების საფასურია, რომელსაც "თელმიკო" იხდის, ხოლო 10.4 მილიონი ლარი იმ მომხმარებლების მომსახურებიდან არის მიღებული, რომლებიც ელექტროენერგიას თავისუფალი ბაზრიდან ყიდულობენ.

გარდა ამისა, "თელასმა" 56.6 მილიონი ლარის სხვა საოპერაციო შემოსავალი მიიღო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი - 47.7 მილიონი ლარი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების საფასურს უკავშირდება.

2025 წელს კომპანიის საოპერაციო მოგებამ 97.9 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 76 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, "თელმიკოსა" და "თელასს" შორის დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები მხოლოდ მომსახურების შეძენით არ შემოიფარგლება.

2025 წლის ბოლოსთვის თელმიკოს მიერ "თელასზე" გაცემული სესხის ნაშთი 29 მილიონ ლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში ამ სესხიდან "თელმიკომ" 2.9 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო.

როგორც "თელმიკოს", ასევე "თელასის" 75.47%-ის მფლობელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V, რომლის მფლობელიც არის რუსული ენერგეტიკული კომპანია Inter RAO. კომპანიის 24.52%-ის წილის მფლობელი კი არის შპს „ენერჯი კომპანი“. 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით მინორიტარული წილის მფლობელი იყო "საპარტნიორო ფონდი", რომელმაც აღნიშნული წილი აუქციონის გზით გაასხვისა, რომლის შედეგადაც "თელასის" ჯგუფის მინორიტარული მფლობელი 32 მილიონ ლარად გახდა ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებული კომპანია „ბესტ ენერჯი ჯგუფი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები