"მეიჯერელ საქართველო", ანუ TP საქართველო გლობალური აუთსორსინგის გიგანტ Teleperformance-ის შვილობილი კომპანიაა. 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, გასულ წელს კომპანიამ ხარჯების შემცირება და მოგების ზრდა შეძლო. 2024 წელს კომპანიის შემოსავალი 162.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 1.73%-ით ნაკლებია. შემოსავლების კლების მიზეზად მოხსენებულია რამდენიმე ფაქტორი:
- რუსეთ–უკრაინის ომის გამო შემცირებული ბაზრები;
- საქართველოში შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და ამან გამოწვეული რეპუტაციული რისკები უცხოელ დამკვეთებთან;
- ზოგადად შემცირებული საერთაშორისო მოთხოვნა მომსახურებაზე.
მიუხედავად ამისა, TP საქართველომ შეძლო ოპერაციული ხარჯების 12.4%-ით შემცირება, რაც პირდაპირ აისახა მოგების ზრდაზე. 2024 წელს კომპანიის წლის მოგებამ 20.1 მილიონ ლარს მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2023 წლის 10.5 მილიონთან შედარებით.
კომპანიამ 2024 წელს მფლობელებს 27.5 მილიონი ლარის დივიდენდი გადაუხადა.
TP საქართველომ 2024 წელს თანამშრომელთა რაოდენობა შეამცირა. კომპანიის დასაქმებულთა რიცხვი 2369 თანამშრომელი იყო, რაც 2023 წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია, რის შედეგადაც პერსონალის ხარჯები 97.2 მილიონ ლარამდე შემცირდა (2023: 111.6 მლნ).
კომპანიის მთლიანმა აქტივებმა 2024 წლის ბოლოს 93 მილიონი ლარი შეადგინა (2023: 109 მლნ).
შეკვეცა ძირითადად აიხსნება ფულადი სახსრების, საგადასახადო აქტივებისა და ძირითადი საშუალებების შემცირებით.
ანგარიშგებაში დეტალურადაა აღწერილი რისკები, რომლებიც კომპანიის საქმიანობაზე ახდენს გავლენას:
- სავალუტო რისკი: შემოსავლები უცხოურ ვალუტაში, ხარჯები ლარში;
- მიგრაცია და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა: უცხო ენების ცოდნა კომპანიისთვის კრიტიკულია;
- სოციალურ-პოლიტიკური არასტაბილურობა, მათ შორის მასშტაბური აქციები პარლამენტთან, რომელიც ერთ-ერთ ოფისთან მდებარეობს;
- სერვისის უწყვეტობის რისკი – ელექტროენერგიისა და ინტერნეტის შესაძლო შეფერხებები.
2024 წელი კომპანიაში მნიშვნელოვანი რეორგანიზაციის პერიოდი იყო. Majorel-ის სრულად შეძენის შემდეგ Teleperformance-მა მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობის გაერთიანებისა და ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო, რამაც საქართველოზეც პირდაპირ იმოქმედა – როგორც ოპერაციული მოდელის, ისე ხარჯების სტრუქტურის თვალსაზრისით.
Teleperformance-ი გლობალურად 446,052 ადამიანს ასაქმებს.

























