მიტანის სერვისის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ "ვოლტ ჯორჯიამ" საკუთარი ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. კომპანიის ანგარიში არა 2024, არამედ 2023 წელს მიღებულ შემოსავლებს ასახავს და მისი მიხედვით აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავლების მთლიანობაში 68%-ით გაიზარდა და მან 52 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, ეს თანხა არ მოიცავს უშუალოდ კურიერების მიერ მიღებულ შემოსავლებს, რომელიც კომპანიის ანგარიშში წარმოდგენილი არაა. ამასთან, კომპანია საკუთარი შემოსავლების მაჩვენებლებს აკლებს სპეციალურ წახალისებებს, რომლებსაც პარტნიორ ობიექტებზე გასცემს, რაც 2023 წელს 15.85 მილიონ ლარს შეადგენდა, რის შედეგადაც კომპანია შემოსავლად 36.2 მილიონ ლარს უთითებს. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 42%-ით მეტია.
ანგარიშის თანახმად, Wolt-ს საქართველოს მასშტაბით სულ 10 423 პარტნიორი კურიერი ჰყავს. კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
- საკომისიო შემოსავალი - 35.8 მილიონი ლარი;
- სხვა შემოსავალი - 6.2 მილიონი ლარი;
- კომპანიათაშორისი შემოსავალი - 10 მილიონი ლარი.
ამ შემოსავლებს კი აკლდება 15.85 მილიონი ლარი რაც წამახალისებელ ხარჯებს გულისხმობს.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, საკმაოდ მსხვილი ხარჯია გადახდის ტრანზაქციების საკომისიოები, რომლებიც 2023 წელს 8.8 მილიონ ლარს შეადგენდა. კურიერების სადაზღვევო ხარჯი 272 ათასი ლარი იყო, მათთვის აღჭურვილობის შეძენა კი 1.8 მილიონი ლარი დაჯდა. მოვაჭრეებისთვის (კაფეები, რესტორნები და სხვა ობიექტები) საკურიერო აღჭურვილობის გადაცემის ხარჯი კი 423 ათასი ლარი იყო.
2023 წელს "ვოლტ ჯორჯიამ" მარკეტინგზე 9.1 მილიონი ლარი დახარჯა. ასევე, ადმინისტრაციის დასაქმებულების ანაზღაურებების ხარჯები 15 მილიონი ლარი იყო. თუმცა, აქ არ შედის კურიერების ანაზღაურება. კომპანიის ანგარიშში არაა მითითებული, თუ რა შემოსავლები მიიღეს მათმა პარტნიორმა კურიერებმა.
რაც შეეხება სხვა საოპერაციო ხარჯებს, საიჯარო, ტექნოლოგიურმა, ჩამოწერების, ოფისის მარაგების და სხვა ხარჯებმა 6.3 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიას ასევე ჰქონდა 530 ათასი ლარის ფინანსური ხარჯები. შედეგად, 2023 წელი Wolt Georgia-მ 6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. შედარებისთვის, 2022 წელს ზარალი 2.8 მილიონ ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, 2022 წლიდან Wolt-ის მფლობელია ამერიკული სტარტაპი Doordash-ი. კომპანია გლობალურადაც ზარალზეა და 2023 წელს მისი ზარალი 558 მილიონი დოლარი, 2024 წელს კი ზარალი 38 მილიონი დოლარი იყო. კომპანია მოელის, რომ 2025 წელს გლობალურად მოგებაზე გასვლას შეძლებს. 2025 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგებამ 193 მილიონი შეადგინა.




























