2025 წლის 1 აგვისტოდან მაგთის ფიქსირებული ინტერნეტის 496,168 აბონენტს ტარიფი 3 ლარით გაეზრდებათ. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, პროვაიდერის გადაწყვეტილება ფასის ზრდის შესახებ დაუსაბუთებელია და ის მომხმარებლებს კომპანიის ქსელში უფრო იაფ ალტერნატიულ ტარიფზე გადასვლის შესაძლებლობასაც არ აძლევს, რადგანაც ფასის ზრდა სასტარტო 50 მბ/წმ-იან პაკეტს შეეხება.
2025 წლის მდგომარეობით ქვეყანაში საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტს სულ 1.14 მილიონი აბონენტი ჰყავს. აქედან ბაზრის ყველაზე დიდი წილი - 46% აქვს მაგთის, რომელსაც 529,251 აბონენტი ჰყავს. მეორე პოზიციას 32%-ით სილქნეტი იკავებს, რომელსაც 364,600 აბონენტი ჰყავს, მესამეზეა სქიტელი ბაზრის 6%-ით, მეოთხეზე კი ახალი ქსელები 4%-ის წილით.
უფრო დეტალურად აბონენტთა რიცხვი და მიღებული შემოსავლები 2025 წლის პირველ 4 თვეში ასე ნაწილდება:
| კომპანია | აბონენტთა რიცხვი | შემოსავლები 2025 წლის იანვარ-აპრილში | შემოსავლების ზრდა კლება წ/წ | საშუალო თვიური შემოსავალი ერთი აბონენტიდან |
| მაგთიკომი | 529,251 | 63,946,692 ლარი; | 2% | 30 ლარი; |
| სილქნეტი | 364,600 | 48,753,063 ლარი; | 6% | 33 ლარი; |
| სქაიტელი | 67,308 | 8,844,508 ლარი; | 12% | 33 ლარი; |
| ახალი ქსელები | 47,989 | 4,197,139 ლარი; | 0% | 22 ლარი. |
კომუნიკაციების კომისიის თანახმად, ფიქსირებულ ინტერნეტს ყველაზე მეტი - 472,000 აბონენტი თბილისში ჰყავს, მეორე ადგილზეა აჭარა 119,000 აბონენტით, მესამე ადგილზეა იმერეთი 113,000 აბონენტით, შემდეგ პოზიციაზეა ქვემო ქართლი 99,000 აბონენტით, კახეთი 67,000 აბონენტით, სამეგრელო-ზემო სვანეთი 63,000 აბონენტით, შიდა ქართლი 59,000 აბონენტით, სამცხე-ჯავახეთი 44,000 აბონენტით, მცხეთა-მთიანეთი 25,000 აბონენტით, გურია 21,000 აბონენტით და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი 2,500 აბონენტით.




























