ICI PARIS-ი ბრენდის მფლობელმა კომპანიამ „პრესტიჟმა“ 2022 წელი 10.6 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს პარფიუმერიული და კოსმეტიკური ნაწარმის ვაჭრობის სფეროში არსებული ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელის წლიური შემოსავალი 50 მლნ ლარს აღემატებოდა, რაც 8 მილიონით მეტია 2021 წლის მიღებულ შემოსავალზე.
2022 წლის ამონაგებში სუნამოების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 35.1 მლნ ლარი იყო, კანის მოვლის საშუალებებიდან - 9.1 მლნ, ხოლო კოსმეტიკიდან 4.8 მლნ.
"პრესტიჟი" უკვე 18 წელია ბაზარზე ოპერირებს ICI PARIS -ის სავაჭრო ნიშნით. მისი მაღაზიების ქსელში 150-ზე მეტი პარფიუმერიული ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორისაა: Chanel, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Hermes, Bvlgari, Gucci, Dolce&Gabbana, Burberry, Versace სხვა.
ანგარიშში საუბარია, რომ მიმდინარე წელს კომპანიამ ვაკის ტერიტორიაზე ახალი მაღაზია გასნა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ,,ნიშური ბრენდის“ პროდუქცია.