საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" ორი თბოსადგური ეკუთვნის, ესენია გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 - ამ სადგურებმა 2025 წლის ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვეს. დოკუმენტების თანახმად, ორივე სადგურის ჯამურმა შემოსავალმა 2025 წელს 364 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.4%-ით იყო შემცირებული. ორივე სადგურის ჯამური მოგება კი 20.2%-ით, 67.9 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ორივე კომპანია კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს მართავს, რომელთა დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 230 მგვტ-ია. შესაბამისად, მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 460 მგვტ-ს შეადგენს. სადგურები ძირითადად გრილ სეზონზე აწარმოებენ ელექტროენერგიას, ზაფხულის განმავლობაში კი ჰიდროგენერაციის პერიოდში ისინი გაჩერებულია. თუმცა, ამ მხრივ საგამონაკლისოა 2026 წელი, როდესაც თბოსადგურები ივლისი-სექტემბრის პერიოდშიც იყო ჩართული. შესაბამისად, სავარაუდოდ წელს მათი შემოსავლებიც გაიზრდება.
2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ჯამური შემოსავლების შემცირებაში უფრო დიდი წვლილი „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის შედეგების გაუარესებამ შეიტანა. კომპანიის შემოსავალი 20.9%-ით შემცირდა და 129.4 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა „გარდაბნის თბოსადგურის“ შემოსავალი 3.4%-ით, 234.6 მლნ ლარამდე შემცირდა.
გარდაბანი 1-ის შემთხვევაში შემოსავლების კლება ძირითადად გარანტირებული სიმძლავრის საფასურიდან მიღებული შემოსავლის შემცირებას უკავშირდება. ამ კომპონენტიდან მიღებული შემოსავალი 2024 წლის 107.5 მლნ ლარიდან 2025 წელს 97.5 მლნ ლარამდე შემცირდა, მაშინ როცა ელექტროენერგიის ტარიფიდან მიღებული შემოსავალი მცირედით გაიზარდა.
გარდაბანი 1-ის წმინდა მოგებამ 60.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.9%-ით ნაკლებია. გარდაბანი 2-ის წმინდა მოგება კი 60.7%-ით შემცირდა და 7.3 მლნ ლარი შეადგინა. შედეგად, ორი კომპანიის ჯამური წმინდა მოგება 2024 წლის 85.1 მლნ ლარიდან 2025 წელს 67.9 მლნ ლარამდე შემცირდა.
ორივე თბოსადგურის ჯამური ბუნებრივი აირის თვითღირებულება 2025 წელს 7.9%-ით შემცირდა და 206.2 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა საოპერაციო ხარჯების ცალკეული კომპონენტები გაიზარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გარდაბანი 2-ის ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების 24.7%-იანი ზრდა, რომელიც 26.8 მლნ ლარს გაუტოლდა, ასევე სავაჭრო მოთხოვნების გაუფასურების ზარალის ზრდა 7.5 მლნ ლარამდე. ამასთან, გარდაბანი 1-ის პერსონალის ხარჯები 14.3%-ით გაიზარდა და 13.1 მლნ ლარი შეადგინა
2025 წლის ბოლოს ორივე კომპანიის ჯამური აქტივები 935.6 მლნ ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.8%-ით მეტია. ამასთან, ჯამური კაპიტალი 3.3%-ით გაიზარდა და 700.9 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო ვალდებულებები 6%-ით შემცირდა და 234.7 მლნ ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, გარდაბანი 1-მა 2025 წელს 45.3 მლნ ლარის დივიდენდი გასცა, ხოლო გარდაბანი 2-ს დივიდენდი არ გაუნაწილებია.
2020-2023 წლებში ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამ თბოსადგურების მიმდებარედ კიდევ ერთი - "გარდაბანი 3"-ის თბოსადგურის მშენებლობას გეგმავდა, რომელსაც 350-430 მეგავატის დადგმული სიმძლავრე უნდა ჰქონოდა, აუქციონები რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა საბოლოოდ პროექტი აღარ განხორციელდა.
























