მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში აღიარებს დიდი ბრიტანეთი პალესტინის დამოუკიდებლობას?

პალესტინა
BM. GE
30.07.25 14:58
• 768

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებას განიხილავს. გაერთიანებული სამეფოს ლიდერი ინიციატივას სისრულეში იმ შემთხვევაში მოიყვანს, თუ სექტემბერში დაგეგმილ გაეროს სამიტამდე ისრაელსა და ჰამასს შორის ომი არ შეჩერდება და იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ანექსიას ისრაელელები არ შეწყვეტენ. პრემიერ-მინისტრმა “ორი სახელმწიფოს გამოსავალზეც” ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში მსგავსი სცენარით წასვლა ყველაზე რეალისტურია.

კირ სტარმერის განცხადებას წინ უძღოდა ლეიბორისტული პარტიის 130-ზე მეტი დეპუტატის მოთხოვნა, ქვეყნის ლიდერს შესაბამისი ნაბიჯი გადაედგა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მალევე გამოეხმაურნენ ისრაელში და ის მკაცრად გააკრიტიკეს. კრიტიკა მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდანაც, რომელმაც სტარმერის ნაბიჯი ჰამასის ლეგიტიმიზაციის მცდელობად შეაფასა.

დიდი ბრიტანეთის შეცვლილი რიტორიკა იმ ჰუმანიტარულ კრიზისთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომელიც ღაზას სექტორში ბოლო თვეებში განსაკუთრებით გამწვავდა. ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გარდაცვლილ პალესტინელთა რაოდენობა 60,000-ს აჭარბებს. გაერომ არსებული ვითარება “ჰუმანიტარულ კატასტროფად” უკვე შეაფასა და დახმარების მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებისკენ ისრაელს ოფიციალურად მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ევროპის კიდევ ერთმა ლიდერმა ქვეყანამ საფრანგეთმაც დააყენა.

რაც შეეხებათ არაბული სამყაროს წევრებს, რომლებიც დასავლეთის მიერ პალესტინის აღიარებას განსაკუთრებით უჭერენ მხარს, მათი პოზიცია ჰამასის ინტერესებთან კვეთაში ნამდვილად არ მოდის. კატარის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ლიდერებმა ტერორისტულ ორგანიზაციას განიარაღებისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, მათ ღაზას სექტორზე კონტროლი ოფიციალურ პალესტინურ მხარეს უნდა გადააბარონ. სხვა შემთხვევაში, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები