მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში განაახლებს სამინისტრო ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების გამოქვეყნებას? - სარჯველაძის პასუხი

სარჯველაძე

"გამოქვეყნდება, როგორც კი ეს გახდება როგორც კი გახდება იმ დონისა და იმ შესაძლებლობების მქონე დოკუმენტი, რაც არის აუცილებელი", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა BM.GE-ს მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიას კითხვას, როდის დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტრო ეროვნული ანგარიშების გამოქვეყნებას, რომელიც 2017 წელს შეწყვიტა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უწყების ეროვნული ანგარიშები არ ქვეყნდება, ყველა ის მონაცემი, რომელიც ანგარიშში უნდა იყოს სხვადასხვა დოკუმენტების მეშვეობით საჯარო და ხელმისაწვდომია.

3-თვიანი პაუზის შემდეგ გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება თუ არა უწყების ანგარიშები, მინისტრმა თავდაპირველად კონკრეტულად არ უპასუხა და უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"ეს არ არის ერთადერთი ანგარიში, რომელიც შეიძლება იძლეოდეს ინფორმაციას ქართული ჯანდაცვის სისტემის შესახებ. ესეც გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, მათ შორის ისეთი სიახლის შესახებ, რომელიც კარგი საშუალებაა, რომ ინფორმაცია ვიქონიოთ ქართული ჯანდაცვის შესახებ ძალიან ბევრი სექტორული კვლევებია, რომელსაც აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო და ასევე სექტორული ასოციაციები. ისინი ამ მიმართულებით მუშაობენ.

ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, დაფინანსების მიღმა, რა არის მოსახლეობის სანაცვლოდ მიღებული სიკეთე. ეს არის მთავარი პრიორიტეტი, თუ არადა გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა განცხადება, რომ დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა და ასეც გაგრძელდება. ამ შემოდგომაზეც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები. იქიდანაც დაინახავთ, რომ მთავარი მიმართულება რომელიც გამოიყო არის ეფექტიანობისთვის აუცილებელი საზომები. აი ეს ეფექტიანობისთვის აუცილებელი საზომი როგორც კი გვექნება განსაზღვრული, ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ აღმოფხვრილი იქნება. ეს არის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი და მე არ მგონია, რომ თითიდან გამოწოვილ პრობლემაზე საუბარი ღირდეს", - განაცხადა "ოცნების" მთავრობის მინისტრმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, გამოქვეყნდება თუ არა ანგარიში და უნდა ჰქონდეს თუ არა სექტორს მოლოდინი სარჯველაძემ თქვა: - კი გამოქვეყნდება, როგორც კი ეს გახდება როგორც კი გახდება იმ დონისა და იმ შესაძლებლობების მქონე დოკუმენტი, რაც არის აუცილებელი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები