მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში იქნება აღიარებული უცხო ქვეყანაში ონლაინ მიღებული განათლება?

უმაღლესი განათლება

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რაც სხვა ქვეყნებში ონლაინ მიღებული განათლებისას აღებული დიპლომის აღიარებას ითვალისწინებს.

„ცვლილების შედეგად დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ განათლება დისტანციური ფორმითაა მიღებული საქართველოს ტერიტორიიდან იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და პროგრამა ითვალისწინებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების სტუდენტის მიერ არა დისტანციური ფორმით ჩაბარებას“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობას, როგორც ინიციატორი განმარტავს, კანონის მიღების აუცილებლობა დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას გამორიცხავს. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, შეზღუდოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისტანციური პროგრამიდან საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე, მობილობის გზით, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა შესაბამისი ფაქტორების მხედველობაში მიღებით.

„შესაბამისად, აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა და უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლებას აღიარების შესახებ დათქმის გაჩენა“, - განმარტავს ინიციატორი.

კანონპროექტი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი ივლისიდან.

კანონპროექტის ავტორი განათლების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი მთავრობაა.