მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს ვიზალიბერალიზაცია? - კახა გოგოლაშვილის განმარტება

კახა გოგოლაშვილი

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება ევროკავშირის მკაფიო შეშფოთების მიუხედავად, მაინც მიიღებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს, მაშინ ევროკავშირს ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსთან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება.

გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ამჟამად საქართველოს მიმართ არსებობს კეთილგანწყობა, რომელიც შეცვლის შემთხვევაში შეიძლება გახდეს საბაბი, რათა უვიზო რეჟიმი გადაიხედოს (თავდაპირველ ეტაპზე 9 თვით შეჩერდეს), ხოლო ამ გადაწყვეტილებას არა ყველა ქვეყნის თანხმობა, არამედ უბრალო უმრავლესობა ესაჭიროება. კახა გოგოლაშვილის განცხადებით, უვიზო რეჟიმი ევროკავშირმა შეუჩერა ალბანეთს, რომელიც საქართველოს მსგავსად EU-ს კანდიდატი ქვეყანაა.

“ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო.

სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით.

ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს, იგივე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს. ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმალური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა.

საქართველოს ამ მომენტისთვის ეს მუხლები საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებით. ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერს ამ წევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ მოახდინონ პროცედურის ინიცირება. ჯერჯერობით ამას არ აკეთებენ მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო, რომელიც შესაძლოა გაქრეს, თუ მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირის დამუნათებას, დემოკრატიულ უკუსვლას და მისი მოთმინების გამოცდას,”- აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები