Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა კორონავირუსის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს ეკონომიკაზე ჩინეთის გავლენა მიმოიხილა.
ჩინეთიდან 2019 წელს მიღებულ შემოსავლებზე საუბრისას, ევა ბოჭორიშვილმა 4 კომპონენტი - ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განიხილა და აღნიშნა, რომ ამ კომპონენტებიდან ჯამში, ქვეყანამ დაახლოებით 300 მლნ დოლარი მიიღო, საიდანაც 200 მლნ დოლარი ექსპორტის წილია, 30 მლნ დოლარი ტურიზმის, ფულადი გზავნილები კი მხოლოდ 1 მლნ დოლარს შეადგენს.
„ექსპორტში ძირითადი ნაწილი - 80%, სპილენძის რეექსპორტზე მოდის. სპილენძის რეექსპორტს ჩვენ ასევე ვახორციელებთ ევროკავშირში, შეიძლება ეს ბაზარიც ჩანაცვლდეს. ჩინეთზე დამოკიდებულება დიდი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა, თუ კორონავირუსის შედეგები ზოგადად მსოფლიო ეკონომიკას გადაედო, რეგიონალური ეკონომიკებიც შემცირდა და სასაქონლო ფასები დაეცა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას საქართველოზე გავლენა ექნება“, - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.




























