„კიკვიძის პარკთან დაკავშირებით სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდა შემსრულებელ კომპანიას“, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიას მკაცრი მითითებები და გაფრთხილება მისცეს.
„ჩვენ ახლა ვართ იმ ეტაპზე, სადაც უკვე ვაკვირდებით ამ კომპანიის მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოს. ვუყურებთ ამ კომპანიის ტემპს. არ არის გამორიცხული, რომ თუ ეს კომპანია კიდევ უფრო მობილიზებულად და სწრაფად არ გააგრძელებს ამ სამუშაოებს, ჩვენ უკვე გადავხედოთ ჩვენთვის ხელშეკრულებით მონიჭებულ უფლებამოსილებებს. არ არის გამორიცხული საჯარიმო სანქციებიც ავამოქმედოთ კიდევ ერთხელ. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვაანონსებთ პროექტებს, საუბარი არის ხოლმე იმ პირობებზე და ვადებზე, რაც თავიდან არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული. თუმცა, ნებისმიერ კონტრაქტორს შეიძლება გარკვეული სახის პრობლემა და ჩამორჩენა შეექმნას და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებთ ხელშეკრულებით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. თუმცა, ეს არ ათავისუფლებს არცერთ კონტრაქტორს იმ პასუხისმგებლობისგან, რაც მათ აიღეს მერიის წინაშე“, - განაცხადა ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, „კიკვიძის პარკის“ მოწყობა 2019 წლის ნოემბრის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო. როგორც კახა კალაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, „კიკვიძის პარკის“ რეაბილიტაცია დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჯდება.