ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წარმატებული ქართული კომპანიების ხსენებაზე შეიძლება გაგვახსენდეს - Kernel-ია, რომელიც ინდოეთის 1.5-მილიარდიან ბაზარზე ოპერირებს, სადაც მცირე ბიზნესებს გაციფრულებაში ეხმარება. თუმცა საინტერესოა, რატომ შეარჩია ქართულმა კომპანიამ გაფართოებისთვის მაინცდამაინც ინდოეთი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ ბაზრად ითვლება მსოფლიოში? როგორც Kernel-ის გენერალური დირექტორი, კოლინ დონოჰიუ BMG Talks-ში ამბობს, ქართულმა კომპანიამ ინდოეთში დიდი საკრედიტო დეფიციტი დაინახა და ჩათვალა, რომ მის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. საქმე ისაა, რომ ინდოეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყნის საბანკო-საფინანსო სტრუქტურა მაღალრისკიან მომხმარებლად თვლის, რაც, პირველ რიგში, იმითაა განპირობებული, რომ ამ ადამიანებს საკრედიტო ისტორია არ აქვთ.
“გლობალურ სამხრეთში არსებულ მიკროსაწარმოებს სესხების დიდი წყურვილი აქვთ და პრობლემა ისაა, რასაც ჩემი მეგობარი კრის ბერი - მონაცემების უდაბნოს უწოდებს. ბანკებს სესხების გაცემა სურთ, მაგრამ შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ, რომლითაც რისკს შეაფასებენ და დაამტკიცებენ, რომ ფულს დაიბრუნებენ. საკრედიტო და საბანკო ისტორია იქ უბრალოდ არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანი სესხს ვერ იღებს.
ინდოეთში, მაგალითად, 400-მილიარდიანი საკრედიტო დეფიციტი ფიქსირდება, რადგან მიკრო- და მცირე კომპანიებს, შესაძლოა, გამართული ბიზნესი ჰქონდეთ, მაგრამ სესხის მიღება არ შეუძლიათ. აი, სწორედ ამ შესაძლებლობის გახსნა გვინდა, რისთვისაც საოცრად მომზადებულები ვართ, რადგან გვაქვს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ბექამ და მისმა გუნდმა შექმნეს. ის ძალიან მარტივია, მიკრო კომპანიებს მისი გამოყენება შეუძლიათ და ამ აპლიკაციის გამოყენება ხარჯებთან არ ასოცირდება, შეგვიძლია, კომპანიებს ის უფასოდ მივაწოდოთ. სანაცვლოდ, მონაცემებს ვიღებთ. თუ რამდენიმე მილიონი მომხმარებელი გყავთ, რომლებიც ინვოისებს თქვენი აპლიკაციის საშუალებით ავსებენ, შეგიძლიათ, მათ ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომა მიიღოთ. თუ ამ ინფორმაციის კონსოლიდაციას მოახდენთ და მას ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ დასწავლას დააშენებთ, მიიღებთ იმ აქტივს, რომელსაც ვავითარებთ.
ჩემთვის, Kernel-ი მონაცემებისა და რისკის გაზომვის კომპანიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ბანკებთან მივიდეთ და ვუთხრათ, შეგვიძლია ამ ათი მილიონი ბიზნესის დაკრედიტებაში დაგეხმაროთ, თანაც ისე, რომ მოგება მიიღოთ. ეს ოც მილიონამდე ბიზნესი ის დამატებითი სამომხმარებლო ბაზაა, რომელსაც ბანკი იღებს. აი, ამ მიმართულებით ვვითარდებით. ამ ეტაპზე, არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, რომ ვთქვათ, პროგნოზირება ძალიან ზუსტად შეგვიძლია, მაგრამ გვაქვს სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში ამის საშუალებას მოგვცემს. კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც ფლობს აპლიკაციას, რომლითაც მონაცემების დამუშავება 27 ალგორითმის გამოყენებით შეგვიძლია. ეს დაახლოებით ისეთივე რამაა, მონაცემთა დამუშავების გუნდში 17 ადამიანს რომ ვასაქმებდეთ, მაგრამ რეალურად, ამ პროცესის ავტომატიზაცია შეგვიძლია. მონაცემების გამოყენებას ბევრი მიმართულებით ვგეგმავთ, მაგრამ გვჯერა, რომ მილიონობით მომხმარებლის საქმიანი მონაცემები, ჩვენთვის დიდი აქტივი გახდება, რომელიც ძალიან ბევრ ბიზნესს კაპიტალზე წვდომას მისცემს”, - განაცხადა კოლინ დონოჰიუმ BMG Talks-ში.
ბუნებრივი შემდეგი კითხვა, რომელიც, შესაძლოა, გაგიჩნდეთ, Kernel-ის ბიზნესმოდელს უკავშირდება, ანუ როგორ აგენერირებს ეს კომპანია შეგროვებული ფინანსური მონაცემებით შემოსავალს? როგორც კოლინ დონოჰიუ ამბობს, კომპანია კომერციალიზაციის რამდენიმე გზას განიხილავს და გეგმავს, მომხმარებლები ფინანსურ ინსტიტუტებთან დააკავშიროს. თუმცა მომავალში, Kernel-ის დირექტორი არც სესხის გამცემ სუბიექტად გარდაქმნას გამორიცხავს.
“სხვადასხვა მიმართულებებს განვიხილავთ. მოდელი, რომელსაც ახლა ვტესტავთ - ფინანსურ ინსტიტუტებთან მომხმარებლების დაკავშირებას გულისხმობს. ჩვენ თვითონ, სესხებს არ გავცემთ - ყოველ შემთხვევაში, ჯერ. საბოლოო ჯამში, ფინანსურ ინსტიტუტთან ღრმა თანამშრომლობა გვსურს, რომელიც მონაცემთა სისტემის ინტეგრაციას დაეყრდნობა. ჩვენ ბიზნესის ინფორმაციას ვფლობთ: ბანკი სესხს გასცემს და მომხმარებელი ამ თანხას აბრუნებს ან ვერ აბრუნებს. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით და ვსწავლობთ. ფინანსურ კომპანიებს სესხების გაცემა სურთ და თუ მათ კარგ კლიენტებს მივაწვდით, ისინი საკომისიოს გადაგვიხდიან. მომავალში კი, ამ თანამშრომლობის გაღრმავება გვსურს.
ამ ინდუსტრიაში, ცხადია, საკრედიტო სააგენტოებიც არიან და ჩვენი მონაცემთა ბაზის გაღრმავებასთან ერთად შეგვიძლია, მათ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. თავად ამ სერვისის მიყიდვა შეიძლება, როგორც ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ასევე სარეიტინგო დისტრიბუტორებისთვის. ბევრი შესაძლებლობაა და კონკრეტულად რას გამოვიყენებთ შემოსავლის მისაღებად ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ ამ პროცესში დიდი არჩევანი გვაქვს.
ბანკირობა არ მსურს, მაგრამ მინდა, ჩვენი ფინანსური პარტნიორების სტრატეგიის შექმნაში წვლილი შევიტანო. ამასთან, გვსურს მონაცემებს და მასთან დაკავშირებულ ანალიტიკას ვფლობდეთ, ანუ აქცენტი პარტნიორებზე გვაქვს. თუ საკუთარი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა დაგვჭირდა - ვიზამთ, ეს არ გვაშინებს, მაგრამ მირჩევნია მონაცემებზე ვიყოთ ფოკუსირებულები, რადგან ამ მხრივ ზრდის უფრო დიდ პოტენციალს ვხედავ”, - განაცხადა კოლინ დონოჰიუმ BMG Talks-ში.