მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ინდოეთის საბანკო ინდუსტრია? - ინტერვიუ Kernel-ის დირექტორთან

ინტერვიუ კოლინ დონოჰიუსთან

ქართულ სტარტაპებს შორის, Kernel-ი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფინტექ-კომპანიაა, რომლის მთავარი ფოკუსი ინდოეთის 1.5-მილიარდიან ბაზარზე მიკრო- და მცირე საწარმოების მომსახურებაა. კომპანიის კონკურენტული უპირატესობა მისი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომლითაც კომპანიებს სხვადასხვა საბუღალტრო პროცესების განხორციელება და ანგარიშგებების მომზადება შეუძლიათ. როგორც Kernel-ში ამბობენ, ინდოეთის ბაზარი კომპანიამ ქვეყანაში არსებული საკრედიტო ნაპრალის გამო შეარჩია, რომელიც ქართული კომპანიისთვის შესაძლებლობას ქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ ინდოეთის აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი კომერციულ საქმიანობას დღესაც ფურცელზე ახორციელებს, ამ ადამიანებსა თუ კომპანიებს კრედიტთან ლიმიტირებული წვდომა აქვს. შედეგად, ისინი ვალდებულნი არიან მაღალპროცენტიან სესხებს მიაშურონ.

მაშ, როგორ გეგმავს ქართული Kernel-ი ამ პრობლემის მოგვარებას? როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, კოლინ დონოჰიუ BMG Talks-ში ამბობს, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპანიას აქვს, მიკრო- და მცირე მეწარმეებს სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ფინანსურმა ინფორმაციამ, რომელსაც Kernel-ი კომპანიებისგან მიიღებს, შესაძლოა, მათ შედარებით იაფიან საბანკო კრედიტზე გაუხსნას წვდომა. როგორც კოლინ დონოჰიუ ამბობს, ინდოეთში Kernel-ი დიდ შესაძლებლობას ხედავს, რის გამოც, ინტერვიუს დიდი ნაწილი, სწორედ ამ თემაზე საუბარს დავუთმეთ. ახლა კი, სწორედ ამ ინტერვიუს ნაწყვეტს შემოგთავაზებთ.

კოლინ, როგორია ინდოეთის საბანკო ინდუსტრია? ინდოეთში, ცხადია, ბევრი შტატია, ასე რომ, შესაძლოა, ვითარება განსხვავებული იყოს, მაგრამ ზოგადად რომ გკითხოთ, რამდენად მაღალია რეფინანსირების განაკვეთი და რა ტრაექტორია აქვს არჩეული ქვეყნის საბანკო სექტორს?

ბანკების გარდა, ინდოეთში 9,000-მდე არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგისტრირებული, ანუ ეს ძალიან მრავალფეროვანი და სპეციალიზებული ინდუსტრიაა. რეფინანსირების განაკვეთი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც, შესაძლოა, გეგონოთ, მაგრამ ჩვენთვის ის სხვაობაა მნიშვნელოვანი, რომელიც ოფიციალურ საბანკო ინსტიტუტებსა და ე.წ. “მევახშეებს” შორის არსებობს, რადგან ინდოელები, უმეტესწილად, საკუთარ მონაცემებს ფურცლებზე ინახავდნენ, ხოლო ამ ფურცლებით ბანკებში ვერ მიდიოდნენ და უწევდათ, არასაბანკო უწყებებში და “მევახშეებთან” მისულიყვნენ, სადაც საპროცენტო განაკვეთი, ზოგჯერ, 30%-ს აღემატება.

ასეთი ვითარება საქართველოშიც იყო, მაგრამ ინდოეთში პროცენტები კიდევ უფრო მაღალია. ასე შეიქმნა ვითარება, რომელშიც საპროცენტო განაკვეთი 30%-ს აღემატება, ხოლო ბანკებში 10-20%-ის შუალედში მერყეობს. ამ ორ რიცხვს შორის დიდი სხვაობაა და არბიტრაჟს თუ შევძლებთ, სარგებელს მივიღებთ. საკრედიტო მიმართულებით ინდოეთში ბევრი კომპანია ოპერირებს, რადგან ბაზარი უზარმაზარია. თუმცა ბანკები, უმეტესწილად, დიდ კლიენტებზე კონცენტრირდებიან, ხოლო მცირე ზომის კომპანიები ავიწყდებათ, ჩვენ კი მათ შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ და მისგან ღირებულებას ვქმნით.

რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ ინდოეთის მიმართულებით, როგორც გაციფრულების, ასევე ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით? ვგულისხმობ იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც Kernel-ისთვის ძალიან სასარგებლოა და კომპანიებს ციფრულ რეპორტინგს ავალდებულებს. რა იქნება მომდევნო ხუთ-ათ წელიწადში?

ეს ძალიან საინტერესო იქნება. ბექა ხშირად ამბობს, რომ საქართველოში ეს პროცესი უკვე მოხდა და ადამიანებმა სასესხო პროდუქტებზე წდომა მიიღეს, რამაც ეკონომიკა განავითარა. ასეთივე რამ ხდება ინდოეთში. როგორც ახსენეთ, არის კანონი, რომელიც, რეალურად, საგადასახადო ცვლილებებს ითვალისწინებს, მაგრამ დოკუმენტში ჩაწერილია ერთი პუნქტი, რომელიც კომერციული საწარმოებისთვის მცირე გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. გადასახადი ერთი ნაწილია, მაგრამ მეორე ნაწილია - ანგარიშგების ვალდებულება. ბევრი ასეთი კომპანია მონაცემებს რვეულში ინახავს, მაგრამ მოუწევთ, ის სპეციალურ პორტალზე ატვირთონ. კი, შესაძლოა, ეს ბუღალტერს დაავალო, მაგრამ ახლა, ხელისუფლება გავალდებულებს ინვოისებიც ელექტრონულად გამოწერო, თანაც პროდუქტის გაყიდვის დროს. პროდუქტების მიწოდებას თუ ახდენთ, ზედნადებიც უნდა გამოწეროთ და ის თუ არ გაქვთ, შესაძლოა, დაჯარიმდეთ კიდეც.

ესაბამისად, გირჩევნიათ, ზედნადები ტელეფონით გამოწეროთ, რადგან ბუღალტერი ამას მუდმივად ვერ გააკეთებს, ეს არაპრაქტიკულია. შესაბამისად, ბევრი მომხმარებელი რვეულებში შენახულ ინფორმაციას პორტალზე ატვირთავს, ის ტელეფონებში გამოჩნდება და პროცესები გაციფრულდება. შესაძლოა, ეს ყველამ არ გააკეთოს, მაგრამ ბევრი ასე მოიქცევა და როცა ეს მოხდება, ბიზნესმენები საკუთარი კომპანიის შესახებ უკეთეს ინფორმაციას მიიღებენ, რადგან ანალიტიკურ ხელსაწყოებს მივცემთ. ყველაფერი ეს საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და ტექნოლოგიური განვითარება დაჩქარდება. იმ მიკროსაწარმოებისთვის, რომელთაც ზრდა სურთ, ეს დრო იდეალური იქნება.

ინდოეთის საინტერესო თავისებურება ისაა, რომ ქვეყანაში ბევრი ბანკი და ფინანსური ინსტიტუტია, მაგრამ ამასთან, არის ფინტექ-ეკოსისტემა, რომლის მონაწილეებს კონკურენტი ბანკების შექმნა კი არ უნდათ, არამედ ისეთ კომპანიებს აფუძნებენ, რომლებიც ბანკებს დამატებით მომხმარებლებს აწვდიან. ფინტექ-კომპანიები ფინანსურ ინდუსტრიასთან ერთად მუშაობენ და უკეთეს პროდუქტებს ქმნიან, რაც ძალიან საინტერესო მოდელია. ვფიქრობ, ამ თემაზე საქართველოში უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ, რადგან, შესაძლოა, გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ. ჩემი აზრით, საბანკო სექტორი ძალიან საინტერესო ინდუსტრიად ჩამოყალიბდება, მაგრამ ეს უმეტესწილად, ფინტექის მხრიდან მოხდება, რომლებიც ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან.

რამდენიმეჯერ ახსენეთ, რომ ადამიანები ინფორმაციას რვეულებში ინახავენ. ამ ადამიანებთან რომ მიდიხართ და ეუბნებით, რომ, აი, Kernel-ს აქვს პროგრამა, რომლითაც ინფორმაციის შეგროვება ციფრულად შეიძლება, ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით. რა რეაქციას იღებთ ამ ადამიანებისგან? რთულია თუ არა ამ ადამიანებთან საუბარი და მათთვის თქვენი პროდუქტის ახსნა?

ცვლილება ძალიან მტკივნეულია და ეს არავის სურს, მით უმეტეს, როცა უცნაური უცხოელი გეუბნება, რომ ეს პროგრამა სჯობს იმას, რასაც შენ აკეთებ. ფიქრობენ, რომ გიჟი ხარ. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ მხარე, რომელიც ამას აკეთებს. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ასოციაციებს ხელმძღვანელოებენ - იმ პირებს, რომელთაც ბიზნეს წრეებში ენდობიან. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, თუ რა სარგებელს მიიღებენ ამ ასოციაციების წევრები. აუცილებელი არაა, ასოციაციის ყველა წევრს ყველაფერი ესმოდეს. მნიშვნელოვანია გაიგონ, რომ ასე ბუღალტერია მარტივდება და ისიც, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ეს ის ორი მიმართულებაა, რომელიც გვინდა, რომ ნათელი იყოს. გვსურს, ადამიანებს განათლებითაც დავეხმაროთ, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა. ასევე, შეგვიძლია ბიზნესებს დიაგნოსტიკაში დავეხმაროთ, რითაც ისინი ჩვენი ხელსაწყოების უპირატესობებში დარწმუნდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები