მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, როგორც გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემის რეგიონული ცენტრი - ინტერვიუ კოლინ დონოჰიუსთან

კოლინ დონოჰიუ

ქართული სტარტაპები და უკვე ჩამოყალიბებული, ფესვგამდგარი კომპანიები საზღვარგარეთ სულ უფრო ხშირად ფართოვდებიან, ხოლო ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტორები, ვენჩურული ფონდები და აქსელერატორები შემოდიან, ანუ ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა მუდმივ განვითარებას განაგრძობს.

ამ ტენდენციის დასტურად ისიც გამოდგება, რომ Startup Grind Tbilisi, რომელიც Startup Grind-ის მრავალმილიონიანი ოჯახის წევრია, გლობალური ქსელის ოც წამყვან რეგიონულ ოფისს შორის დასახელდა. Startup Grind-ი სტარტაპების ყველაზე დიდი გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც კალიფორნიაში 2010 წელს დაფუძნდა და დღეს, პლანეტაზე 500-ზე მეტ ოფისს აერთიანებს.

Startup Grind Tbilisi-ის წარმატებაზე ორგანიზაციის დირექტორმა, კოლინ დონოჰიუმ TECH INFORM-ში ისაუბრა. ამერიკელი ანტრეპრენიორის შეფასებით, ეს დიდი აღიარებაა, რომელიც საქართველომ სტარტაპ-ეკოსისტემის მსოფლიო რუკაზე მოიპოვა. კოლინ დონოჰიუსთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

კოლინ, დავიწყოთ საუბარი სიახლით - Startup Grind Tbilisi ქსელის ოც წამყვან ოფისს შორის დასახელდა. მოგვიყევით, რას ნიშნავს ეს წოდება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის?

ვფიქრობ, ეს აღიარება გვახსენებს იმ როლს, რომელსაც თბილისის და ახლა უკვე ბათუმის ოფისები “სტარტაპ გრაინდის” გლობალურ ეკოსისტემაში ასრულებენ. ჩვენი ოფისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმულია და 2019 წელს, ყველაზე წარმატებულადაც დაგვასახელეს, როცა თბილისში დიდ კონფერენციას ვუმასპინძლეთ. იმ დროს, გლობალურად დიდი ინტერესი შევქმენით და საქართველოში პირველად ვუმასპინძლეთ ბილ რაიქარტს და მარვინ ლიაოს. მოგვიანებით, სტივ ტორესიც ჩამოვიყვანეთ და სილიკონის ველთან ღრმა კავშირი დავამყარეთ.

ახლა, აღმოსავლეთზე ვფოკუსირდებით. საქართველოში იაპონური “სტარტაპ გრაინდის” დირექტორი იმყოფება, რომელიც სამ ოფისს უძღვება და Forbes-ის კონტრიბუტორიცაა. იაპონიაში ის ძალიან ბევრ ხალხს იცნობს და თან, ინვესტორიცაა. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც სტარტაპ-ეკოსისტემაში მასზე მეტი ნაცნობი ჰყავს. საქართველოში იმყოფება დუბაის “სტარტაპ გრაინდის” ხელმძღვანელიც, რომელიც საოცარი ადამიანია, რომელიც ინვესტორად მუშაობს და თან, ელ-რიადის უდიდესი ტექნოლოგიური კომფერენციის მრჩეველიცაა. გალფის ქვეყნებში ის ბევრ ადამიანს იცნობს. საქართველოში იმყოფება ჩემი კარგი მეგობარი კურტისიც, რომელიც “სტარტაპ გრაინდის” სინგაპურის ოფისს ხელმძღვანელობს. ახლა, სხვათა შორის, სინგაპურში დიდი კრიპტოღონისძიება იმართება, ხოლო მან საქართველოში ჩამოსვლა არჩია. სინგაპურსა და ტაივანში კურტისს ბევრი კარის გაღება შეუძლია.

მთავარი იდეა ისაა, რომ საქართველო გზაჯვარედინზე მდებარეობს. 2020 წელს, კონფერენციის დაგეგმვაში “სტარტაპ გრაინდის” ასი ოფისის წარმომადგენელი დაგვეხმარა და გვინდა, ასეთი რამ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ.

კონტექსტისთვის გვითხარით, რას წარმოადგენს Startup Grind-ის გლობალური ქსელი - რამდენ ოფისს აერთიანებს ის მსოფლიოში და რა წვლილი აქვს გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაში?

“სტარტაპ გრაინდი” სტარტაპების უდიდესი ქსელია მსოფლიოში. არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მეტ სტარტაპს აერთიანებს. თავის დროზე, 600-ზე მეტი ოფისი იყო, მაგრამ პანდემიის შემდეგ, რაოდენობამ 500-მდე იკლო, ხოლო ბოლო დროს ისევ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. ეს ძალიან დიდი ქსელი და კომუნაა, რომელიც ეფუძნება არა ტრანზაქციულ ურთიერთობებს, არამედ ადამიანებს შორის ღიაობას. “სტარტაპ გრაინდი” სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება, ესენია: დაეხმარე, გაეცი და იმეგობრე.

როგორც ვხედავთ, საერთაშორისო პარტნიორობებს სწორედ ეს უმყარებს ზურგს. აი, მაგალითს მოგიყვანთ: ისრაელის ოფისის ხელმძღვანელი არაბული ქვეყნების ოფისების წარმომადგენლებთან მუშაობს - ისინი ხიდებს აგებენ და ადამიანებს აერთიანებენ. დამფუძნებლების ინვესტორებთან და ბაზართან დაკავშირება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, ურთიერთობების შექმნა, მათი დროში გამოცდა, ნდობის ჩამოყალიბება და მოქმედება.

საქართველოდან არაერთ წარმატებას მივაღწიეთ. შეიძლება გახსოვდეთ, რომ Pulsar-მა ინვესტორები მას შემდეგ გაიცნო, რაც “სტარტაპ გრაინდის” ღონისძიებაზე მივიყვანეთ. აქ ჩამოყალიბებული ურთიერთობების საფუძველზე Phubber-მა ენჯელ-ინვესტორად იუჯინი დაიმატა, რომელიც WhatsApp-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი იყო. არსებობენ ადამიანები, რომელთაც კავშირები ლონდონშიც დაამყარეს.

“სტარტაპ გრაინდის” დახმარებით ბევრი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მაგრამ მჯერა, რომ პოტენციალი ჯერაც ძალიან აუთვისებელია. ქსელი, მართალია, არსებობს, მაგრამ ადამიანები სხვა ოფისებში მყოფ ადამიანებთან დიდად არ ურთიერთობენ, როცა, მაგალითად, ლონდონში ან დუბაიში ჩადიან. თუკი ქსელის პოტენციალს ავითვისებთ, ქართველი დამფუძნებლების კავშირებს გავზრდით.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში Startup Grind-ის არსებობა? მოდი, მაგალითებით ვისაუბროთ და Pulsar AI-ის მაგალითი გავიხსენოთ, რომლის წარმატებაში SG-ის როლი ძალიან დიდია.

Pulsar-ის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ამ ისტორიაში მცირე წვლილი ჩვენც შევიტანეთ. “სტარტაპ გრაინდმა” ქართველი დამფუძნებლები ამერიკაში წასვლისკენ შთააგონა. პირველ მოგზაურობაში გიორგი ტუხაშვილი, ნიკოლოზ გოგოჭური, ნიკა აბაშიძე და კიდევ ბევრი სხვა დამფუძნებელი გვყავდა, ასე რომ ეს ზოგადი ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ამასთან ერთად, განსაკუთრებულად დიდი როლი ითამაშა იმ დამატებითმა ღონისძიებამ, სადაც კალიფორნიის ყურეში მცხოვრებ ქართველებს შევხვდით - ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ და კომპანიებში ინვესტირებენ. იმ დროს, ჩვენთან ერთად იყო ადამიანი, რომელმაც “გოლდმენ საქსისგან” 50 მილიონი დოლარი მოიზიდა და ჩვენი მეგობრის მეგობარმა ის ჩვენს ღონისძიებაზე მოიყვანა, რათა ქართველი დამფუძნებლები გაეცნო. ჩვენთან ერთად იყო ზაზა ფაჩულია, რომელიც ასევე შეხვდა Pulsar-ის დამფუძნებლებს.

ამგვარად, პაზლის ერთი ნაწილი თავად ღონისძიება იყო, ხოლო მეორე - კავშირები, რომლებიც მის გარშემო დავამყარეთ. ახლა საქართველოში ვმასპინძლობთ ადამიანებს, რომლებიც აქ სხვადასხვა მიზეზით ჩამოვიდნენ. ჯონი, მაგალითად, DataFest-ის ერთ-ერთი სპიკერია, სტივენ ტორესი კი სხვა ღონისძიებაზე ჩამოვიდა. თბილისში ბევრი საინტერესო ადამიანი შეიკრიბა, ხოლო ჩვენ მათი გაერთიანება გვსურს. “სტარტაპ გრაინდის” არსი - ადამიანების დაკავშირება და დამეგობრებაა.

საქართველოში Startup Grind-ის სხვა ოფისების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ, რისთვისაც ღონისძიებაც გაიმართა. რა იყო ამ შეხვედრის მთავარი თემა და რაზე ისაუბრეს სპიკერებმა?

ერთი თემა, რომელზედაც ვისაუბრეთ და რაც ჩვენმა მეგობარმა კურტის ბერგმა წამოსწია, რომელსაც საერთაშორისო სტარტაპებთან მარკეტინგის და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით უმუშავია - ამბის მოყოლის მნიშვნელობაა. ინვესტორების წინაშე პრეზენტაციას რომ ატარებ, მონაცემებს კი არ უყვები, არამედ მათი გონებისა და გულის მოგებას ცდილობ. ეს განსაკუთრებით მართალია ენჯელ-ინვესტორებთან მიმართებით, რომლებიც კომპანიების საკუთარი ჯიბიდან აფინანსებენ - ინვესტირება მათი ჰობია. თუ გსურს, რომ ისინი შენთან პარტნიორობაში დაარწმუნო, აუცილებლად უნდა შთააგონო. ვენჩურული ეკონომიკა საკმაოდ რთული რამაა და შეიძლება, ინვესტორები რიცხვებით საერთოდ არც ინტერესდებოდნენ, ასე რომ აუცილებელია მათი გონება და გული მოიგო.

ჩვენი საუბრის კიდევ ერთი მიმართულება სხვადასხვა ეკოსისტემების განხილვა იყო. სინგაპურში, მაგალითად, ახლა ბევრი რამ ხდება, რის გამოც ის ქართველი ეკონომისტებისთვის მნიშვნელოვან ადგილად იქცა. დღეს, აქტიური წერტილებს შორის არამხოლოდ ნიუ-იორკი და ლონდონი ხვდება, არამედ სხვა ქალაქებიც. სინგაპური და დუბაი ძალიან მნიშვნელოვანია და თან, ისინი თბილისთან ძალიან ახლოს მდებარეობს. რამდენიმე კვირის წინ, ბათუმში ღონისძიება ჩავატარეთ და სამი დუბაელი ინვესტორი გვეწვია, რათა სილიკონის ველის ინვესტორები გაეცნოთ - ახლა, დაბრუნება სურთ.

იმ დროს, როცა ადამიანებთან ასე ახლოს ხარ, ურთიერთობის ჩამოყალიბება გაცილებით იოლია. დუბაისგან, სინგაპურისა და იაპონიისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია. იაპონია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის ძალიან დიდი ეკონომიკაა, სადაც ბევრი ღრმა ტექნოლოგია იქმნება, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ანტრეპრენიორული სული არ არის ისეთი განვითარებული, როგორც საქართველოში, სადაც არც ტექნოლოგიებია და არც ფული, მაგრამ არის ჟინი და კრეატიულობა. აი, ეს შეიძლება იყოს გადაკვეთის წერტილი. კომპანიას შეუძლია, იაპონელი ტექნოლოგიური დირექტორი ჰყავდეს, მაგრამ მარკეტინგს ქართველმა მიხედოს. შეიძლება ეს მოხდეს, შეიძლება არც მოხდეს, მაგრამ სხვა ეკოსისტემებში გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია.

დავით ხოსროშვილი არის დამფუძნებელი, რომელიც განსაკუთრებით მომწონს, რადგან ეკოსისტემაში დიდი გამოცდილება აქვს. წლების წინ, მასთან ინტერვიუ ჩავწერე, რა დროსაც მსმენელებს ურჩია, თვითმფრინავზე ადით და გაფრინდითო. ის თვითმფრინავში ავიდა და ჩილეში გაემგზავრა, რამაც მისი მსოფლმხედველობა შეცვალა და ბევრი ადამიანი გააცნო. დამფუძნებლებმა, რომლებიც საზღვარგარეთ არ ყოფილან და არ უმუშავიათ, აუცილებლად უნდა გავიდნენ და გარემო შეიგრძნონ, რადგან თუ გინდა, გლობალური დამფუძნებელი იყო, გლობალური მსოფლმხედველობა უნდა გქონდეს.

როგორ შეაფასებთ საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს? ცოტა ხნის წინ, სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც TelAgri-მ გაიმარჯვა - რას ნიშნავს ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის?

ამ შეჯიბრებას წლებია, რაც ვატარებთ, თუ არ მეშლება, მეხუთედ. თავდაპირველად, კონკურენცია ფაქტობრივად არ იყო, მაგრამ წელს ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ფინალში გადასული ხუთი სტარტაპი თანაბრად იდგა უმაღლეს დონეზე, რითაც ჟიურის წევრები გაოცდნენ. ანუკი რობაქიძის საერთაშორისო წარმატების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ შარშან, Artisio ფინალში გავიდა, საქართველომ სილიკონის ველის ინვესტორებს შორის სახელი გაითქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები