საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზაცია, “სტარტაპ გრაინდ თბილისი” Startup Grind-ის გლობალური ქსელის წამყვან 20 ოფისს შორის დასახელდა, რაც ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს. Startup Grind-ი სტარტაპების ყველაზე დიდი გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც კალიფორნიაში 2010 წელს დაფუძნდა და დღეს, პლანეტაზე 500-ზე მეტ ოფისს აერთიანებს, მათ შორის თბილისში და ბათუმში. Startup Grind-ის ორგანიზებით საქართველოში არაერთი ღონისძიება ჩატარებულა, მათ შორის დიდი საერთაშორისო კონფერენციები, რომელთა გამო ქვეყანაში სილიკონის ველის წამყვანი ინვესტორები ჩამოვიდნენ.
Startup Grind Tbilisi-ის წარმატებაზე ორგანიზაციის დირექტორმა, კოლინ დონოჰიუმ TECH INFORM-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დიდი აღიარებაა, რომელიც საქართველომ სტარტაპ-ეკოსისტემის მსოფლიო რუკაზე მოიპოვა.
“ვფიქრობ, ეს აღიარება გვახსენებს იმ როლს, რომელსაც თბილისის და ახლა უკვე ბათუმის ოფისები “სტარტაპ გრაინდის” გლობალურ ეკოსისტემაში ასრულებენ. ჩვენი ოფისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმულია და 2019 წელს, ყველაზე წარმატებულადაც დაგვასახელეს, როცა თბილისში დიდ კონფერენციას ვუმასპინძლეთ. იმ დროს, გლობალურად დიდი ინტერესი შევქმენით და საქართველოში პირველად ვუმასპინძლეთ ბილ რაიქარტს და მარვინ ლიაოს. მოგვიანებით, სტივ ტორესიც ჩამოვიყვანეთ და სილიკონის ველთან ღრმა კავშირი დავამყარეთ.
ახლა, აღმოსავლეთზე ვფოკუსირდებით. საქართველოში იაპონური “სტარტაპ გრაინდის” დირექტორი იმყოფება, რომელიც სამ ოფისს უძღვება და Forbes-ის კონტრიბუტორიცაა. იაპონიაში ის ძალიან ბევრ ხალხს იცნობს და თან, ინვესტორიცაა. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც სტარტაპ-ეკოსისტემაში მასზე მეტი ნაცნობი ჰყავს. საქართველოში იმყოფება დუბაის “სტარტაპ გრაინდის” ხელმძღვანელიც, რომელიც საოცარი ადამიანია, რომელიც ინვესტორად მუშაობს და თან, ელ-რიადის უდიდესი ტექნოლოგიური კომფერენციის მრჩეველიცაა. გალფის ქვეყნებში ის ბევრ ადამიანს იცნობს. საქართველოში იმყოფება ჩემი კარგი მეგობარი კურტის ბერგიც, რომელიც “სტარტაპ გრაინდის” სინგაპურის ოფისს ხელმძღვანელობს. ახლა, სხვათა შორის, სინგაპურში დიდი კრიპტოღონისძიება იმართება, ხოლო მან საქართველოში ჩამოსვლა არჩია. სინგაპურსა და ტაივანში კურტისს ბევრი კარის გაღება შეუძლია.
მთავარი იდეა ისაა, რომ საქართველო გზაჯვარედინზე მდებარეობს. 2020 წელს, კონფერენციის დაგეგმვაში “სტარტაპ გრაინდის” 100 ოფისის წარმომადგენელი დაგვეხმარა და გვინდა, ასეთი რამ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ”, - განაცხადა კოლინ დონოჰიუმ TECH INFORM-ში.