რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას და რა შესაძლებლობას მისცემს ის ქართულ ბიზნესს? - სწორედ ეს იყო BMGTV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" გიორგი ისაკაძისა და "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თხელიძის საუბრის ერთ-ერთი თემა.
"თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ძალიან დიდი პრაქტიკული სარგებლის მიღების შესაძლებლობაა. უპირველესად იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყანაში საკმაოდ მსხვილი ფინანსური კონტრიბუციის მოზიდვას გახდის შესაძლებელს.
"სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში ბალკანეთის ექვსი ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარება 11-12 მილიარდი ევრო იყო, ეს იმ პერიოდში, როდესაც ამ ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი ჰქონდათ. მარტივად რომ შევხედოთ, ვსაუბრობთ 2-3 მილიარდ ევროზე, რომელიც საქართველომ შესაძლოა მიიღოს იმისთვის, რომ განავითაროს ინფრასტრუქტურა, გადააიარაღოს საწარმოები და დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს", - ამბობს გიორგი თხელიძე.
გარდა ამისა, გიორგი თხელიძე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კიდევ ერთ ბენეფიტზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ეს სტატუსი ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოსვლისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა იქნება, თუმცა განმარტავს იმასაც, რომ ამ შესაძლებლობის ეფექტიანად გამოყენება უნდა შევძლოთ.
"ჩნდება ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა. ფულის ჩადება უძრავ ქონებასა თუ ახალი საწარმოს შექმნაში გაცილებით უფრო დიდ მულტიპლიკატორში გადაიზრდება რამდენიმე წელში, როდესაც საქართველო რეალურ წევრობასთან კიდევ უფრო ახლოს იქნება.
დიდი ინვესტიციები კომპანიებს დასჭირდებათ ემოციურადაც, თავისი ორგანიზაციული სტრუქტურის გარდაქმნის მიზნით და ასევე, რა თქმა უნდა, საწარმოებისა თუ სავაჭრო ფართების გაახლებისთვის. ჩვენ [თიბისი] მზად ვართ, მათ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ინტელექტუალურად, ასევე ფინანსური რესურსით", - აღნიშნავს "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძე.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია რომ კომისია მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამასთან განსაზღვრავს დათქმებს, რომელთან ერთადაც ამ რეკომენდაციას გასცემს.