მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შესაძლებლობები და გამოწვევები ახლავს უძრავ ქონებაში ტოკენიზაციის დანერგვას - შეფასება

ტოკენიზაცია

საკონსულტაციო კომპანია Clarsen-ის დამფუძნებლის, ნიკოლოზ კანდელაკის შეფასებით, უძრავ ქონებაში ტოკენიზაციის დანერგვა სექტორს დამატებით შესაძლებლობებს მოუტანს, თუმცა მას გარკვეული რისკებიც ახლავს თან.

როგორც კანდელაკმა BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, აღნიშნული ტექნოლოგია უძრავი ქონების ოპერაციებს ამარტივებს, ასევე ინვესტორებისთვის მას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. რაც შეეხება გამოწვევებს, მისი შეფასებით, ტოკენიზაციის მთავარ პოტენციური რისკები კიბერუსაფრთხოებას უკავშირდება.

„ტოკენიზაცია მსოფლიოში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. არსებობს ქვეყნები, სადაც უკვე დაიტესტა და გამოუშვეს უძრავი ქონების ტოკენები. ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არის გაერთიანებული საამიროები. შესაბამისად, მათი პრაქტიკის გაზიარება ძალიან საინტერესო იქნება საქართველოსთვის და კარგი ინიციატივაა.

მეორე საკითხი არის, რა შესაძლებლობებს შექმნის ეს ქვეყნისთვის და რა გამოწვევები ექნება უშუალოდ მომხმარებელს, ტოკენის მფლობელს და ა.შ. შესაძლებლობების კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ტოკენიზაცია ამარტივებს ოპერაციებს უძრავი ქონების შესყიდვისას. ფრაქციული ფლობის შესაძლებლობას იძლევა ინვესტორებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ უძრავ ქონებაში ინვესტირება, შეძენა უძრავი ქონების, რომელიც მომავალში შესაძლებელია გაძვირდეს და იქიდან მიიღონ შემოსავალი.

უძრავი ქონების ბაზრისთვის, რა თქმა უნდა, შექმნის შესაძლებლობას, რომ მარტივად და სწრაფად მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა. ვინაიდან ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ხასიათდება ე.წ "Cross-border" ტრანსსასაზღვრო ბუნებით, ხელმისაწვდომობა იზრდება უძრავ ქონებაზე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

რა თქმა უნდა, ტოკენის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგულაციურ დონეზე არის მნიშვნელოვანი როგორ მოხდება ტოკენის დაკავშირება უძრავ ქონებასთან და მფლობელობითი გადაცემა. აღიარებული იქნება თუ არა ეს, მაგალითად, საჯარო რეესტრის მიერ, ტოკენის ფლობა უძრავი ქონების ფლობად და როგორ დაუკავშირდება ციფრული ტოკენი ამ უძრავ ქონებას.

რაც შეეხება რისკებს, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ პროგრესს და ნებისმიერ ციფრულ ტექნოლოგიებს ახლავს საოპერაციო კიბერ-რისკები. მიკრო დონეზე რომ შევეხოთ, მაგალითად, როგორ მოხდება ამ ტოკენის შენახვა, რამდენად დაცული იქნება ეს ტოკენი და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება არაავტორიზებული წვდომა მასზე, როგორ იქნება მომხმარებელი, ტოკენის მფლობელი დაცული. არსებობს ცენტრალიზებული დაცვის სისტემები, თუ ეს იქნება დეცენტრალიზებული სტრუქტურა ტოკენების გადაცემის და ფლობის, ასეთ შემთხვევაში უკვე რისკები იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს მესამე მხარე, რომელიც, მაგალითად, დაიცავს კიბერ-შეტევისგან მომხმარებელს.

გასათვალისწინებელია აუცილებლად, რომ საპილოტე რეჟიმში მოხდეს აღნიშნული ტექნოლოგიის გატესტვა და შეფასდეს ყველა რისკი, რომელიც მას თან ახლავს. ასევე სამომავლოდ აღნიშნული რისკების მიტიგაციის შემცირების გზების დასახვა მოხდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ კანდელაკმა.

ცნობისთვის, საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დუბაიში დაფუძნებულ კომპანია PRYPCO-სთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც დუბაის უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია DAMAC-ის შვილობილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები