"კაპიტალის ბაზრის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, გამოწვევად კვლავ ტრანზაქციების მოცულობა რჩება, რომელიც გლობალური ინვესტორების ინტერესს სრულად დააკმაყოფილებს", - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა "საქმიანი დილას" ეთერში, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის შედეგების შეფასებისას ისაუბრა.
24 მარტს თბილისში თიბისი კაპიტალმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების რეგიონში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გამართა, რომელსაც გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer და სხვა - მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თინა სიმონიშვილის განცხადებით, ბიზნესსექტორისთვის კაპიტალის ბაზარი დაფინანსების სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ალტერნატიული რესურსის მოზიდვის ეფექტიანი საშუალებაა. მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ობლიგაციების გამოშვება კომპანიებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია საერთაშორისო ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად.
"ჩვენ, როგორც ლიდერი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ძალიან ვცდილობთ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით დავაინტერესოთ საერთაშორისო მოთამაშეები. არ არის ეს ადვილი დავალება, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს, მსხვილი და სერიოზული ზრდის მიუხედავად - 3 მილიარდ დოლარს მიაღწია 2025 წლის მდგომარეობით - თვითონ ინდივიდუალური გამოშვებები არ არის ძალიან მსხვილი, უფრო პატარ-პატარა ტრანზაქციებს ვახორციელებთ. საერთაშორისო ბაზრებზე, როგორც იცით, მინიმუმ 250-300 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდები გამოდის. მსხვილ ინვესტორებს, როგორც წესი, ასეთი ტრანზაქციები უფრო აინტერესებთ, ვიდრე პატარები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბაზარიც ისე განვავითაროთ, რომ მსხვილი ტრანზაქციები შედგეს და ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, უცხოელების დაინტერესება ლოკალური ბაზრით შესაძლებელი იქნება. მაგრამ საერთაშორისო ბაზრებიც არსებობს მსხვილი მოთამაშეებისთვის, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ის მასშტაბი, რომ დიდი დაფინანსებები სჭირდებათ.
ლოკალურ ბაზარს რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, სადაც ინვესტორები არიან საკმარისი იმისთვის, რომ ეს ორგანიზაციები დაინტერესდნენ და ადგილზე გამოუშვან ობლიგაციები, გაიუმჯობესონ დაფინანსების სტრუქტურა, რის საშუალებასაც კაპიტალის ბაზარი გვაძლევს, მათ შორის ფასიც, და ჯერ ადგილზე დაბეჭდონ ობლიგაციები, მოემზადონ ადგილობრივად და შემდეგ უკვე გადაინაცვლონ საერთაშორისო ბაზრებისკენ", - ამბობს თინა სიმონიშვილი.
"საქმიანი დილას" ეთერში თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიზე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღონისძიებამ, რომელმაც საფინანსო სექტორის 500-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა, თბილისში ნიუ-იორკიდან, ლონდონიდან და დუბაიდან მსოფლიო ფინანსური გიგანტები გააერთიანა. თინა სიმონიშვილის განმარტებით, ფორმატი არა მხოლოდ პანელურ დისკუსიებს, არამედ ინვესტორებსა და პოტენციურ ემიტენტებს შორის პირდაპირ კომუნიკაციასაც ითვალისწინებდა
"ღონისძიება ჩავატარეთ უკვე მეორედ და ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი ყოველწლიურ სახეს აუცილებლად მიიღებს, ვინაიდან წლევანდელი ღონისძიება ნამდვილად უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე 2024 წლის. გვყავდა ძალიან ბევრი, 500-მდე სტუმარი ბიზნესსაზოგადოებიდან, დაინტერესებული მხარეები, კაპიტალის ბაზრების მონაწილეები და სხვა. და რაც ძალიან სასიხარულოა, ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვეწვია, გააზიარა თავისი ხედვები და მოლოდინები ადგილობრივ საზოგადოებასთან. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც კონკრეტულად ასეთი ტიპის ორგანიზაციები და ინვესტორები სტუმრობენ ქვეყანას, ინტერესდებიან ამ რეგიონით, გამონახავენ დროს, რომ დაესწრონ კაპიტალის ბაზრების კონფერენციას და ჩაატარონ პირდაპირი შეხვედრები ადგილობრივ არსებულ და პოტენციურ ემიტენტებთან.
იყო პანელური დისკუსიები, გამოსვლები, მაგრამ ამის პარალელურად ტარდებოდა პირდაპირი შეხვედრებიც ჩვენს, თიბისი კაპიტალის და თიბისის პარტნიორებს, ადგილობრივ არსებულ და პოტენციურ ემიტენტებს და ასევე ამ ინვესტორებს, მსხვილ საერთაშორისო ბანკებს შორის. ეს კავშირები შედგა, რაღაც საინტერესოს უნდა ველოდოთ ამ კომპანიების მხრიდანაც და ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ნამდვილად არის იმის ალბათობა, რომ ახალი სახეებიც დაემატება საერთაშორისო ბაზრებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ისიც არის, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი განვავითაროთ და კომპანიებს, რომლებიც პოტენციურად დაინტერესებულები არიან ალტერნატიული დაფინანსების წყაროებით, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და გამოვიყვანოთ ადგილობრივ ბაზარზე", - განაცხადა თინა სიმონიშვილმა.




























