სამხრეთ-კორეული ტექ-გიგანტი, Samsung-ი და მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანია Tesla გარიგების დადებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Rueters ავრცელებს და წყაროდ Samsung-ის წარმომადგენელი მოჰყავს.
გამოცემის თანახმად, გარიგება $2.1 მილიარდის მოცულობის იქნება და მიზნად Samsung-ის მიერ წარმოებული ბატარეების Tesla-სთვის მიყიდვას ისახავს მიზნად. აქვე უნდა განიმარტოს, რომ საუბარი არ არის Tesla-ს ავტომობილებისთვის განკუთვნილ ბატარეებზე, არამედ იმ მოწყობილობებზე, რომლებიც კომპანიის საწარმოებში განთავსდება და ენერგიის შემნახველ სისტემას მოხმარდება.
გავრცელებულ ინფორმაციას სამხრეთ-კორეული კომპანიის წარმომადგენლები ოფიციალურადაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, შეთანხმება ჯერ კიდევ მუშავდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი მედიისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. როგორც Reuters იტყობინება, გარიგების ფარგლებში თანამშრომლობა 3 წელს გასტანს. სამხრეთ კორეული კომპანია კი ყოველწლიურად 10 გეგავატის სიმძლავრის ბატარეების Tesla-სთვის გადაცემაზე აიღებს პასუხისმგებლობას. სიცხადისთვის, ეს საკმარისია 100,000 ამერიკული ოჯახის ელექტრო მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.
აქვე აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში Tesla-სთვის ბატარეების ერთადერთი მსხვილი მიმწოდებელი ჩინეთი იყო. როგორც ჩანს, ამერიკა-ჩინეთის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე, მასკის კომპანიას დივერსიფიცირება და კონფლიქტის გამწვავებით შესაძლო რისკების შემცირება სურს.




























