მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეზღუდვები წესდება რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე? - მერიის განცხადება

646ccdb904b7b
BM.GE
23.05.23 18:36
605
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 23 მაისის 20:00 სთ-დან 24 მაისის 00:00 სთ-მდე თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ავტომობილები თავისუფლების მოედანზე გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.

შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისამდე“ და უკუმიმართულებით.

24 მაისს, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე შოთა რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხიდან და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ასევე, ავტომობილების მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდული იქნება პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

24 მაისის 23:00 სთ-იდან 27 მაისის 07:00 სთ-მდე ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ასევე, რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.

გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. რაც შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, აქ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება. კონკრეტულად, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. მეტროსადგურ "რუსთაველიდან" და მერაბ კოსტავას ქუჩიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზეთისხილის ხემდე.

პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნების შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ზეთისხილის ხემდე, სადაც მობრუნდება და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, კვლავ მობრუნდება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას გააგრძელებს დადგენილი სქემით. ის ავტობუსები, რომლებიც მოძრაობენ გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩა N 11-თან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები