მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეზღუდვები წესდება თბილისის ზღვაზე - კალაძის განმარტება

5f33ab12e2a0c
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.20 13:07
2446
თბილისის ზღვაზე ეკონომიკური აქტივობა დარეგულირდება - თბილისის მერიამ შესაბამისი აქტი საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა - ამის შესახებ თბილსის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა ჩატარდა, რომლის მიზანი იყო თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონების განსაზღვრა.

„კვლევის შედეგად დადგინდა ზღვის სანიტარული არეალები და ზუსტი კოორდინატები, ეს აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. დაცვის თითოეულ არეალში, შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს წყლის დაბინძურებას , მათ შორის აიკრძალა მშენებლობა, წყალარინების სისტემის თვითნებური დაერთებები, რომელიც სამწუხაროდ გვქონდა, ეკონომიკური საქმიანობა და ა.შ.

დედაქალაქის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს კერძო კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“, რომელთან შეთანხმებითაც მომზადდა სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც საკრებულოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად და აღნიშნული შეზღუდვები უკვე გახდება სავალდებულო ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე სახის აქტივობას დაგეგმავს. ამ აქტში დეტალურად იქნება გაწერილი როგორი მიდგომები უნდა გვქონდეს და როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი რეგულაცია თბილისს არასდროს ჰქონია და თბილისის ზღვაზე ქაოტურად ხდებოდა განაშენიანებაც და გარკვეული პროექტების განხორციელებაც, რის გამოც ხდებოდა წყლის დაბინძურება და ეს პრობლემას წარმოადგენდა.

„ჩვენი ეს ინიციატივა მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები