მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სირთულეებია ხორცპროდუქტების მწარმოებელთა სექტორში? - ფერმერის შეფასება

64a1994395bf3
სალომე ხიდურელი
02.07.23 19:56
703
Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოში 2022 წელს ხორცპროდუქტების იმპორტი 35%-ით გაიზარდა და 187.2 მლნ დოლარი შეადგინა. ამ ტენდენციას BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ფერმერი ბექა გონაშვილი განიხილავს და საქართველოში არსებული მცირე და მსხვილი მეურნეობების გამოწვევებზე საუბრობს.

"კვლევაში კარგად ჩანს, რომ საქართველოში ხორცის წარმოება, ძირითადად, მცირე მეურნეობებშია გაბნეული - ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რადგან როცა საქონლის გენეტიკაზე ვსაუბრობთ, საკვები ხარჯების შემცირებაზე და ა.შ. მცირე მეურნეობებისთვის ამ საკითხების ორგანიზება  გაცილებით რთულია. ამავდროულად, მსხვილ მეურნეობებს სჭირდებათ კადრები, სპეციალისტები, რაც ასევე დეფიციტურია ქვეყანაში. ეს ეხება საქონლის ხორცის წარმოებას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მეღორეობაშიც“, - ამბობს ბექა გონაშვილი.

რაც შეეხება ქათმის ხორცის წარმოებას, საქართველოში, ფერმერის განმარტებით, ცალკე პრობლემა ამ სექტორისთვის გადასახადების ფაქტორია: „სოფლის მეურნეობის ყველა დარგი გადასახადებისგან თავისუფალია, მხოლოდ მეფრინველეობა იხდის დღგ-ს, რის გამოც მათთვის განვითარებაზე ორიენტირება რთულია“.

Galt&Taggart-ის იმავე კვლევის თანახმად, საქართველოში ხორცის იმპორტთან ერთად, მისი მოხმარებაც გაიზარდა. ფერმერბის თქმით, ამ გარემოებამ ქვეყანა, შესაძლოა, ხორცის დეფიციტამდე მიიყვანოს.

„კოვიდის დროს ნედლეულზე ფასი გაიზარდა, ახლა კი მარცვლეულის ფასი შემცირებული, საქონლის ფასი კი - გაზრდილია, როცა პანდემიის პერიოდში პირიქით იყო. ამის გამო ძალიან ბევრი მეურნეობა გაკოტრდა, ვეღარ შეძლეს ბიზნესის გაგრძელება. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს, დეფიციტურია მოზარდი საქონელი, რადგან მისი ძირითადი მასა ექსპორტზე არაბულ ქვეყნებში გადის“, - ამბობს გონაშვილი და დასძენს, რომ ხორცის დეფიციტმა, შესაძლოა, დადებითი შედეგიც გამოიღოს და უკვე არსებული ფერმების გამსხვილებასა და პროფესიული ფერმების გაჩენას შეუწყოს ხელი.

ბექა გონაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სული საქონელია, რის გამოც ხორცის დეფიციტი არ უნდა იდგეს, თუმცა ამის მიზეზი მცირე მეურნეობებში საქონლის რძეზე დამოკიდებულებაა.

„ჩვენ გვაქვს 850 ათას სულზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცის დეფიციტი არ უნდა გვქონდეს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს რაოდენობა მცირე მეურნეობებშია გაბნეული, რომლებიც ცდილობენ, საქონლისგან რძეც მიიღონ. როდესაც ლაქტაციის პერიოდია და ხბო საკმარის რძეს ვერ იღებს, მისი ზრდა-განვითარება ფერხდება, რაც სექტორის განვითარებას აფერხებს და ნაკლებად ეფექტურს ხდის. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ხორცის წარმოება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე - სხვაგან“, - ამბობს ბექა გონაშვილი.

ცნობისთვის, Galt&Taggart ვარაუდობს, რომ ხორცის მოხმარება მომავალი 5 წლის განმავლობაში 5%-ით, ხორცპროდუქტების მოხმარება კი 8%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები