ახალი წლიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სახელმწიფო დაკრედიტების თანადაფინანსების პროგრამას აფართოებს და მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების განვითარების მიზნით ახალი მექანიზმებს ამატებს. სააგენტოს ინფორმაციით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების მსხვილფეხა მეცხოველეობის მიმართულების ფერმების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას. ფერმერებს სახელმწიფო სესხის პროცენტს სამი მიმართულებით დაუფინანსებს - მაღალპროდუქტიული მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულების და სანაშენე ფერმის, სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის და მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების მოწყობის ნაწილში.
მესაქონლეობის დარგში სახელმწიფო ხელშეწყობის გაფართოების ახალ კომპონენტებზე გადაცემა #რედატ2-ში სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენელი, ფერმერი და მეწარმე ბექა გონაშვილი აფასებს. ის ამბობს, რომ პროგრამა დარგის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით შემუშავდა და მასში ისეთი ნიუანსებია გათვლილი, რომლებმაც ამ მიმართულების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.
„ამ პროგრამის შემუშავებაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. ცვლილებაზე ინიციატივა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და მინისტრისგან მომდინარეობდა, თუმცა ხშირად ვამბობდი, რომ საჭიროა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების უფრო ვიწრო სპეციალიზაცია, რადგან ძალიან ბევრი თავისებურებაა, რასაც ერთიანი პროგრამა ასე ვერ ასახავს. მეცხოველეობაში ბევრი ისეთი ნიუანსია, რომლის სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებაში შეიძლება არ იყოს, აქედან გამომდინარე იაფი აგროკრედიტი, რომელიც შეკრული პროგრამაა, მეცხოველეობაში ბევრ თავისებურებას რეგულირების მიღმა ტოვებს, ამიტომ ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ სწორია, როცა რაღაც მეტად რეგულირებულია. შეიძლება ბევრს, ვისაც სფეროში გამოცდილება არ აქვთ და საქმეში შემოსვლა უნდათ ეს არ მოეწონოთ, მაგრამ ამ დრო სოფლის მეურნეობა არ არის ისეთი დარგი, სადაც საქმის წამოწყება მარტივია“, - ამბობს გონაშვილი.
ფერმერის ინფორმაციით, მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსების პროგრამა გარკვეული დათქმებით განხორციელდება, რათა გაწეული მხარდაჭერა უფრო ეფექტიანი და სწორი იყოს. ბექა გონაშვილი „იაფი აგროკრედიტით“ გათვალისწინებით ზოგიერთ დათქმას ასახელებს.
„ვფიქრობ, ის შეზღუდვები, რომელიც ამ პროგრამაშია სწორია. პროგრამის მეორე კომპონენტში მეხორცული საქონლის, სანაშენე პირუტყვის ფერმის დაფინანსების შემთხვევაში წერია, რომ საძოვარი უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დათქმაა, რადგან თანამედროვე მერძეული მიმართულების ფერმები შიდა ბაგურ კვებაზეა, ხოლო მეხორცული მიმართულებით, სადედე პირუტყვი, რაც შეიძლება იაფ კვებაზე უნდა გყავდეს და საძოვარზე იაფი კვება უბრალოდ არ არსებობს. ეს ისეთი რთული ეტაპია. სადაც 2-3-წლიანი იაფი აგროკრედიტით ამაზე შეჭიდება რთული იყო. ახლა ეს ვადა უფრო გახანგრძლივდა. პირველი კომპონენტის ნაწილში კი განსაზღვრულია რა ტექნიკა უნდა ჰქონდეს მეურნეობას, რომ პროგრამაში მონაწილეობა შეძლოს. ფერმის რეალური ფერმერებისთვის ეს დიდი მოტივაცია და შესაძლებლობაა.
მესამე კომპონენტი უფრო მცირე ფერმერებისთვისაა გათვლილი, რომლებიც სოფლად არიან. ვფიქრობ, ასეთი მცირე მეურნეობებისთვის ეს კომპონენტი მნიშვნელოვანი იქნება. მით უფრო მაშინ, როდესაც სახელმწიფო სხვადასხვა პროექტების დახმარებით ასევე საგრანტო კომპონენტის დამატებას აპირებს. მცირე ფერმების მოწყობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მცირე ფერმერებს სხვადასხვა დეტალების მოწესრიგებაში დაეხმარება, როგორიცაა მაგალითად სასმელი წყლის მოწყობა და სხვა დეტალები, რაც მის პროდუქტიულობასაც გაზრდის, ცხოველთა ჯანმრთელობის მხრივაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება’, - განმარტავს ფერმერი.