აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ მესამე ზეპირი მოსმენა 20 დეკემბერს გაიმართა. კომიტეტის სხდომაზე, ფერმერმა, ბექა გონაშვილმა აგროდაკრედიტების შეზღუდვის საჭიროებაზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, სექტორში ცოდნა გამოწვევას წარმოადგენს, რის გამოც არაერთი ადამიანი გაკოტრდა. ზარალს კი ფერმერს ვერავინ აუნაზღაურებს. ფერმერი, რომელსაც კომერციულ ბანკში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, განმარტავს, რომ აგროდაკრედიტებისას ბანკები თავის რისკებს აზღვევენ, ფერმერები კი ამ პროცესში ცოდნას ვერ იღებენ.
"ჩემი აზრით, აგროდაკრედიტების პროცესში სახელმწიფოც, ბანკიც და ფერმერიც ცდება. თუმცა, ყველაზე მეტად ფერმერი სცოდავს. რადგან ადამიანები ზოგჯერ იმ საქმეში შედიან, რომლის შესახებაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ. ბანკი სესხის სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით გასცემს, ზოგს სასტუმრო აქვს, ზოგს სხვა ბიზნესი და ამის ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ აგრობიზნესიდან ფულის დაგენერირება რომ უნდა დაიწყოს და ეს პროცესი რომ არ იწყება, ბანკს ეს გადაზრვეული აქვს, მაგრამ ფერმერის ფულის დანაკარს ვერავინ აბრუნებს. უბედურება ისაა, რომ სამწუხაროდ ამ პერიოდში ის ცოდნასაც ვერ იძენს.
სოფლის მეურნეობა არ არის დარგი, რომელიც ერთ დღეს მოგინდება, ისწავლი და მეორე დღეს შეგიძლია ამ დარგში მუშაობა დაიწყო. ამას თავისი დრო და გამოცდილება სჭირდება. თავიდან აუცილებელი იქნება ცხვირის წატეხვა, მაგრამ მეორედაც თუ წაიტეხე, უკვე გამოუსწორებელია“, - განმარტავს ბექა გონაშვილი და დასძენს, რომ თუ 2012 წელს აგროდაკრედიტება 50 მლნ დოლარი იყო, ახლა ეს რიცხვი 2 მლრდ დოლარზე მეტია, რაც სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამების შედეგად მოხდა.
"ეს იმიტომ, რომ სახელმწიფოს ქვეყანაში პოტენციალი გააჩინა, რომ [ბანკებს] ფერმერებისთვის ფული მიეცათ, რაც კარგია, თუმცა ამას შეზღუდვა სჭირდება, რათა ფერმერი დააფიქრო, მოდი ნუ გააკეთებ ასე, კარგად დაფიქრდი და მერე ისე გააგრძელე“, - მიიჩნევს ფერმერმა.
ინფორმაციისთვის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში, მესამე ზეპირი მოსმენა გაიმართა. რომელიც მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას. სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, ფერმერთა საჭიროებების გამოკვეთის შემდეგ კი, მოკვლევის ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.