მთავრობის ინიციატივით გასულ წელს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებდა თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, უფრო კონკრეტულად თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას.
თხილის სექტორში პირველი სუბსიდიის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მერაბ ჭითანავა, “აი ჯი აგროს” მმართველი პარტნიორი და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჭითანავა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საუბრობს.
“როცა ჩვენ თხილის სექტორში პირველი სუბსიდია განვახორციელეთ, დავაკვირდით, რა მოხდა, როდესაც ხალხს “თავზე დაეცა” ფინანსური რესურსი, რომ რეალურად მოუარონ თავიანთ ბაღებს. 100%-იანი ფინანსური ხელმისაწვდომობის პრეცედენტი გვქონდა (მართალია, შრომასა და მოსავლის აღებას არ აფინანსებდა, თუმცა ფინანსდებოდა ყველა აგროქიმიკატი და სასუქი, რაც თავიანთი ბაღებისთვის სჭირდებოდათ).
შედეგად მივიღეთ ის, რომ ფერმერების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვერ გაიაზრა, როგორ გამოეყენებინა ეს მხარდაჭერა”, - ამბობს მერაბ ჭითანავა.
მისი განმარტებით, ამის მიზეზები დარგის პოპულარიზაციასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემებთანაა დაკავშირებული.
“წელს ჩვენ უფრო სწორად მივუდექით ამ საკითხს, თუმცა აქაც მივუდექით დარგის სწორი პოპულარიზაციისა და განათლების პრობლემას: ძალიან ბევრი მცირე და დიდი ფერმერი სოფლის მეურნეობაში სტატუსის გამო შედის. ყიდულობენ ათობით ჰექტარ მიწას და ჰგონიათ, რომ იმას მერე ვინმე მიხედავს. ეს ერთი პრობლემაა.
მეორე მხრივ, რისკების დაზღვევისთვის განათლების ნაწილი უნდა ჩაერთოს, რათა შემცირდეს რისკი სახელმწიფოს მიერ გაცემული დოვლათის უაზროდ გახარჯვისა. რათა ეს ხალხი უბრალოდ კი არ ადგეს და ბაღები გააშენონ, რომ შემდეგ უფასო რესურსები მიიღონ, არამედ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ, რომ ეს დიდ შრომასთანაა დაკავშირებული”, - ამბობს მერაბ ჭითანავა.
მიმდინარე წელს ფერმერებმა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 21 მლნ ლარის დახმარება მიიღეს. საქართველოს მთავრობა სექტორის სუბსიდირებას მომავალ წელსაც აპირებს და ამისათვის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს.