თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავას შეფასებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წელს მეთხილე ფერმერებმა 1 ჰა-ზე 500-ლარიანი აგროქულები მიიღეს, რომლითაც თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის შეძენა შეეძლოთ, წარმატებულია.
"ეს არ იყო ფასის სუბსიდირების პროგრამა, ეს გაკეთდა ფერმერებში შრომის და მოტივაციის სტიმულირებისთვის“, - ამბობს მერაბ ჭითანავა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
ჯერჯერობით, უცნობია, 2024 წელსაც იმოქმედებს თუ არა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, მაგრამ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ „წერტილში“ ვრცლად ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რატომაც თხილის სექტორის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.
- მოგეხსენებათ, საქართველოში მეთხილე ფერმერების 60% საოჯახო მეურნეობას წარმოადგენს, რომელთათვისაც თხილის რეალიზაციიდან მიღებული თანხა ძირითადი შემოსავალია. 2022 წელს თხილის მოსავალიც და ხარისხიც დაბალი იყო, რასაც დაემატა თხილის მაღალი მოსავალი მსოფლიოში, რატომაც ფასი შემცირდა. შედეგად, ქართველ ფერმერებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი ბაღების მოსავლელად მიემართათ. ამდენად, 2023 წელს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამამ ფერმერებს საშუალება მისცა, უკეთესად მოევლოთ საკუთარი ბაღებისთვის; ვიცით, ისეთი ფერმერები, რომლებსაც შარშან არ შეუწამლავთ, მაგრამ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, წელს წამლობები ჩაატარეს; რა თქმა უნდა, არის მეთხილე ფერმერების ისეთი კატეგორიაც, რომელმაც არ გამოიყენა აგროქულები, მაგრამ 100%-იან ეფექტიანობას, თან პირველივე წელს, არც ველოდით.
- ანუ თქვენი შეფასებით, პროგრამამ ფერმერების შრომის სტიმულირება შეძლო და შესაბამისად, წარმატებული აღმოჩნდა?
- მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი იყო წარმატებული. ბევრი სიკეთე მისცა სექტორს. ფეხზე ვდგავართ და შეგვიძლია ვიყიდოთ მეტ-ნაკლებად ხარისხიანი თხილი. ამდენად, ჩვენი აზრით, ეს პროექტი რომ არ განხორციელებულიყო, იმის ნახევარი მოსავალი გვექნებოდა, რაც წელს მივიღეთ, ვინაიდან მოუვლიდა მხოლოდ მსხვილი ფერმერი და იქნებოდა ბევრად უარესი სიტუაცია, ვიდრე - შარშან.
- პროგრამა უნდა გაგრძელდეს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ რამდენადაც ვიცით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იყო 1-წლიანი და გაგრძელების შემთხვევაში, არსებობს რისკი, სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მსგავსად, თხილის სექტორიც სუბსიდირების მოჯადოებულ წრეში შევიდეს...
- მოდით, შევხედოთ რა მდგომარეობა გვაქვს და ვინ არიან ჩვენი კონკურენტები გლობალურ ბაზარზე - საქართველოში მოყვანილი თხილის მოსავლის 80% ევროკავშირის ქვეყნებში გადის ექსპორტზე ანუ ქართულმა თხილმა როგორც ხარისხით, ისე ფასით კონკურენცია უნდა გაუწიოს იტალიურ, თურქულ, აზერბაიჯანულ თხილს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა სიტუაციაა აშშ-სა და ჩილეში, რომლებიც გლობალური თხილის ბაზრის აქტიური მოთამაშეები არიან, მაგრამ თურქეთში თხილის ღირებულებათა ჯაჭვში არის სუბსიდირების კომპონენტი; ასევე, აზერბაინჯანელი ფერმერები იღებენ სუბსიდიას. ამდენად, ჩემი პირადი აზრია, რომ ფასის სუბსიდირება არაა ჯანსაღი, თუმცა რაღაც მექანიზმით თხილის წარმოების ხარჯების შემცირება ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანობაზე აისახება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ კრიზისულ სიტუაციაში ვართ - ფაროსანა წლების განმავლობაში თხილის კულტურას ებრძვის. ამდენად, ბუნებრივია, რაღაც მექანიზმები არის საჭირო, რათა სოციალურად და ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანი სექტორი შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ თხილის მწარმოებლების ქვეყნების რეიტინგში მსოფლიო ხუთეულში ვართ და თან როგორც უკვე ვთქვი, 80% გადის ევროკავშირის ბაზარზე; ეს საამაყოა. ფაქტობრივად, თხილი ჩვენი სავიზიტო ბარათია ევროპის ბაზარზე, ამიტომ ეს სექტორი უნდა მოწესრიგდეს და მიზანმიმართულად განვითარდეს.
- ანუ თქვენი სურვილი თუ მთავრობის მისამართით რეკომენდაციაა, რომ თხილის დარგის მხარდაჭერა, რომელიც შინაარსით სუბსიდირებაა, 2024 წელსაც გაგრძელდეს?
- ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ გარემოში, რა გარემოშიც საქართველო იმყოფება თხილის ექსპორტის თვალსაზრისით, მას სჭირდება მხარდაჭერა; რა ფორმით იქნება ეს მხარდაჭერა, ვნახოთ. წელსაც ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა როგორც ჩვენ, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროს; ამდენად, როდესაც სექტორში წელს ჩატარებული სამუშაოების და მოსავლის შეფასებას მოვრჩებით, ჩვენს მოსაზრებას წერილობით წარვადგენთ სამინისტროში და მივაწოდებთ რამდენიმე ვერსიას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს დარგის მხარდაჭერა, თუმცა ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა უნდა იგრძნოს იმ ფერმერმა, რომელმაც თხილის ბაღების ფართობის მიხედვით სახელმწიფოს მიერ გაცემული აგროქულები ეფექტიანად გამოიყენა.