მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ქართული თხილი და რა ფაქტორები განსაზღვრავს ფასს? - ინტერვიუ

თხილის ასოციაცია

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, წელს საქართველოში, თხილის მოსავალი, დაახლოებით, 40 000-45 000 ტონა იყო, რაც წლის დასაწყისში პროგნოზირებულ 50 000 ტონაზე ნაკლებია. მიზეზი გაზაფხულზე მოსული ჭარბი ნალექი და ფაროსანაა, თუმცა მოსავლის ხარისხი გარკვეულწილად გაუმჯობესებულია. „თხილის რთველი 2023“ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავამ შეაფასა.

„ვფიქრობთ, ფაროსანასთან ბრძოლა გასააქტიურებელია და ფერმერების მხრიდან საკმაოდ ინტენსიური მუშაობაა საჭირო, რომ მაქსიმალურად მოუარონ თხილის ბაღებს, რაც მაღალი ხარისხის მოსავლის და შესაბამისად, მაღალი ფასის მისაღებადაა საჭირო. ფერმერებმა, რომლებმაც წელს ყველა საჭირო წამლობა ჩაატარეს, მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს, ხოლო ვინც არ წამლავდა, მათი თხილის ბაღის მოსავალი დაბალი ხარისხის იყო. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ბაღს ზედიზედ 2 წელი არ შეწამლავ, მოსავალი გაუარესდება და ფასიც დაბალი იქნება“, - ამბობს მერაბ ჭითანავა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს, ადგილობრივ ბაზარზე თხილის გულის საშუალო ფასი 15 ლარია. მაღალი ხარისხის გაუტეხავი თხილი, დაახლოებით, 6-6,5 ლარი ღირს, ხოლო დაბალი ხარისხის - 5-5,5 ლარი.

- რა ეღირება წელს თხილი ადგილობრივ ბაზარზე ანუ რა ფაქტორები განსაზღვრავს ფასს?

- ნამდვილად არ შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო ფერმერს, შეინახოს თუ გაყიდოს თხილი. რეალურად, ფასი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და დინამიკა ხშირად იცვლება. საახალწლოდ ფერმერებს სჭირდებათ თხილის რეალიზაცია და იმედია, იმ დროისთვის კონკურენტული ფასები იქნება; რაც შეეხება ფასის განსაზღვრის მთავარ ფაქტორებს მსოფლიოში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბაზარზე ფასის განმსაზღვრელი თურქეთია და შესაბამისად, თურქული თხილის ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე მოხდება სხვა ქვეყნებზე კონკურენტული პოზიციების განაწილება. მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თხილის მსოფლიო ბაზარზე აშშ და ჩილე აქტიურად შემოვიდა და იანვარ-თებერვლიდან ჩილე და ამერიკა თავის პროდუქციას შეიტანს ევროკავშირში, რაც რაოდენობას ზრდის და ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია.

- ანუ ქართული თხილის საექსპორტო ფასისთვის ყველაზე ოპტიმალური რა პერიოდია?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, თხილის გლობალურ ბაზარზე ფასის განმსაზღვრელი არის თურქეთი. რა მოცემულობაა იქ? - წელს თურქეთში ფაროსანა გამოჩნდა, რაც აისახა თურქული თხილის მოსავალსა და ხარისხზე. შედეგად, წლევანდელი მოსავლის პროგნოზი 750 000 ტონა იყო, მაგრამ სავარაუდოდ, 450 000 ტონა იქნება, რამაც ბუნებრივია, სექტემბრიდან მოყოლებული თხილის ფასი გაზარდა. ვაკვირდებით, როგორი იქნება დინამიკა, რადგან თხილის ხარისხიც არის შემცირებული, რაც ევროპის მიერ ბაზრების გადახედვას გამოიწვევს. ამდენად, საქართველოს აქვს საშუალება, წელს და მომავალ წელს ინტენსიურად შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, ვინაიდან ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ამას ფერმერების მხრიდან აქტიური შრომა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება სჭირდება. იმედია, თხილის ფასი ფერმერებს თხილის ბაღების მოვლის მოტივაციას გაუზრდის. ზოგადად, ჩვენ გვახასიათებს, რომ რაღაც კრიზისში უნდა შევიდეთ, რომ დავიწყოთ გამოსწორება.

- ამჟამად, თხილის საექსპორტო ფასი რამდენია?

- პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ახლა, საშუალოდ, 7 დოლარია თხილის საექსპორტო ფასი ევროპის ბაზარზე, რაც კარგი მაჩვენებელია და იმედია, მომავალშიც შენარჩუნდება.

საქსტატის მონაცემებით, ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ხუთეულის თავშია იტალია.

თხილის ექსპორტი საქართველოდან

2014 – $183 მლნ
2015 – $177 მლნ
2016 – $180 მლნ
2017 – $83 მლნ
2018 – $69,5 მლნ
2019 – $67 მლნ
2020 – $94 მლნ
2021 – $118 მლნ
2022 – $102,5 მლნ
2023 (9 თვე)- $52 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები