საქართველოსთვის თხილი და სხვა კაკალი ადგილობრივი წარმოების სასაქონლო დასახელებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც ექსპორტზე დიდი მოცულობებით გადის. წლების განმავლობაში თხილს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში ხვდებოდა, თუმცა 2023 წელს თხილის ექსპორტი 13.4%-ით შემცირდა და ადგილობრივი ექსპორტის რეიტინგში ამ პროდუქტმა 3.1%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა. ჯამში საქართველომ თხილის ექსპორტით შარშან 85 მილიონ 710 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის საზღვრებს გარეთ თხილის რეალიზების ზრდის მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია. იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში 20 მილიონ 201 ათასი დოლარის ღირებულების თხილის გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 21.2%-ით ჩამორჩება.
თხილის ტრადიციული სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, თუმცა წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში თხილის ექსპორტის მოცულობა განახევრდა, ღირებულება კი 29.2%-ით შემცირდა. ამასთან, წლების განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართული თხილი ყველაზე დიდი მოცულობით იტალიაში გადიოდა, თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალში იტალიაში საქონლის ექსპორტი მკვეთრად შემცირებულია.
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში ამ პერიოდში პირველი ადგილი ესპანეთმა დაიკავა. მეორე ადგილზე კი რუსეთი აღმოჩნდა, სადაც იანვარ-მარტში თხილის ექსპორტი გაიზარდა. თხილის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- ესპანეთი - $4.1 მლნ, 551 ტონა; ზრდა - 78.6%;
- რუსეთი - $1.6 მლნ, 242 ტონა; ზრდა - 9.3%;
- სომხეთი - $1.5 მლნ, 338 ტონა; ზრდა - 118%;
- საფრანგეთი - $1.4 მლნ, 185 ტონა; კლება - 22.7%;
- გერმანია - $1.3 მლნ, 204 ტონა; კლება - 71%;
- ლიეტუვა - $1 მლნ, 134 ტონა; ზრდა - 34%;
- ლიბია - $898 ათასი, 117 ტონა; ზრდა - 68%;
- იტალია - $852 ათასი, 121 ტონა; კლება - 81.7%;
- ლიბანი - $774 ათასი, 105 ტონა; ზრდა - 1398%;
- უკრაინა - $622 ათასი, 108 ტონა, კლება 29.5%.