მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12:00 საათზე დაიწყება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის გაფართოების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2023 წლის ბოლო სხდომაზე მიიღო. ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამას სამი: მერძევეობის, მეხორცული, კომბინირებული მიმართულების, ასევე სანაშენე ფერმის, მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის და მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსების ქვეკომპონენტები დაემატა.
პროგრამა აგროსექტორის წარმომადგენელმა, ფერმერმა ბექა გონაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში შეაფასა და ის დათქმები დაასახელა, რომლითაც მსურველები თანადაფინანსების მიღებას შეძლებენ. ტექნოლოგიურად განვითარებული ფერმა, სანაშენე მეურნეობებში საძოვრების ქონის ვალდებულება... - ეს დათქმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პროგრამაშია გაწერილი. ფერმერი აცხადებს, რომ ამგვარად გაწეული მხარდაჭერა უფრო ეფექტიანი და მიზანმიმართული იქნება.
#რედაქტ2-ის კითხვაზე - პროგრამის ამ და სხვა დათქმების გათვალისწინებით, რამდენად ბევრი ფერმერი შეძლებს სახელმწიფო მხარდაჭერის მიღებას, ბექა გონაშვილი ამბობს, რომ „იაფი აგროკრედიტის“ ამ კომპონენტებით უფრო ნაკლები ფერმერი ან ფერმერობის მსურველი შეძლებს სარგებლობას, თუმცა ამგვარი დაფინანსებით ბიზნესის განვითარება უფრო შედეგიანი იქნება.
„ეს არ იქნება ისეთი რაოდენობა, როგორც აქამდე იყო, რადგან „იაფი აგროკრედიტი“ უფრო მარტივად შეიძლება აეღოთ და იმასაც გეტყვით, რომ ეს თანხა, შეიძლება სხვა მიმართულებითაც დაეხარჯათ, რისი პრეცედენტიც მრავლად იყო. ამიტომ ვთვლი, რომ ამ პროგრამით, შეიძლება ნაკლებმა ისარგებლოს, მაგრამ მიმაჩნია, რადგან საქართველოში ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა, არსებული ფერმერების გამსხვილების მიმართულებით, ეს კარგი შეთავაზებაა. საქართველოში რძის ფასი ძალიან მაღალია და რძის წარმოება ძვირი გვიჯდება.
ამ ტექნიკური საშუალებით ფერმების კარგად მოწყობას შევძლებთ და ამისთვის ბანკში ძალიან მაღალი თანხების გადახდაც არ მოგვიწევს. ვთვლი, რომ ეს თანხები არსებული ფერმების განვითარებაზე უფრო მიზნობრივად დაიხარჯება, ვიდრე ახალი ფერმების შექმნაზე.
დარწმუნებული ვარ, ახალი ფერმებიც შეიქმნება, მაგრამ უფრო მეტად მათ გამოადგებათ, ვინც ამ მიმართულებით უკვე იმუშავა, ცოდნა შეიძინა და თანამედროვე ჯიშები ჩამოიყვანა. ვთვლი, რომ ისინი უფრო მეტად განვითარდებიან“, - განმარტა დარგის წარმომადგენელმა.
ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამას შედეგი აუცილებლად კარგი ექნება, თუმცა ის გრძელვადიან პერიოდში მიიღწევა, რადგან აგროსექტორი რთული დარგია და შედეგებზე გასვლა ხანგრძლივ ვადაში ხდება.
„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ სოფლის მეურნეობაში უცებ არაფერი არ ხდება, მე ვერ ვიტყვი - ხვალ რომ გავიღვიძებთ სოფლის მეურნეობა აყვავებული გვექნება, ამას დრო და პროფესიონალი კადრების გაზრდა სჭირდება“, - ამბობს ფერმერი და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში შედეგების მიღწევისთვის მხოლოდ ფინანსები საკმარისი არ არის: „ჩემი ერთ-ერთი სურვილი ამ პროგრამის ფარგლებში იყო, რომ ახალგაზრდა მცოდნე კადრების ჩართულობა ყოფილიყო. ამით ვფიქრობ, რომ საქმე გართულდებოდა და თუ ასეთები არ გვყავს, (და ბევრი არ გვყავს), ამათი გადამზადების ნაწილი ყოფილიყო იმ დათქმით, რომ ვისაც ეს სესხი მივეცით, მათ ჰყავდეს ახალგაზრდა სპეციალისტები. გვქონდა ამაზე დადებითი საუბრები, თუმცა მეც მიმაჩნია, რომ დღეს ამ კომპონენტის გართულება კარგი არ იქნებოდა. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ მომავალში ამის დრო დადგება“.