მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების დანერგვის მოტივაცია აქვთ - გონაშვილი

63aac7d59ef3f
გიორგი არონია
04.01.23 23:00
859
საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ტექნოლოგიური გადაწყვეტების ნაკლებობაა, - ასე ეხმიანება BMGTV-ის შეკითხვას საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ბექა გონაშვილი. მისივე თქმით, ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში დასაქმება არ სურთ, რის გამოც რეგიონებიდან გაედინებიან. ეს კი, ერთგვარ ნაპრალს აჩენს, რომლის ამოვსება მხოლოდ ტექნოლოგიას შეუძლია.

„სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების პრობლემაა - ეს მთავარი გამოწვევაა, რომელზეც კვირაში ხუთი დღე მაინც ვსაუბრობთ. გვინდა ეს თუ არა, რეგიონებიდან ადამიანების მიგრაცია ხდება, ასე რომ საჭიროა ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, გამოგონება ან მორგება ადგილობრივ გამოწვევასთან, რაც ამ ნაპრალს შეავსებს. ამ ღრმულის ამოვსების გარეშე, რეალურად, ადამიანებს სოფლის მეურნეობაში დასაქმების სურვილი არ ექნებათ. სურვილიც რომ ჰქონდეთ, არ ექნებათ ის ეკონომიკური ეფექტი, რომ მოწყდნენ ქალაქს და სოფელში ცხოვრება შეძლონ“, - ამბობს ბექა გონაშვილი.

რეგიონებიდან ადამიანების გადინებით გამოწვეული ნაპრალის ამომავსებლებად, მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ახალგაზრდებს ასახელებს, რომელთაც, მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის მოტივაცია აქვთ.

„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, არადა 21-ე საუკუნეში ბევრი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ტექნოლოგიების ათვისება იოლი იყოს. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახალგაზრდებს, ჩემი აზრით, ტექნოლოგიების დანერგვის მოტივაცია აქვთ. ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი მამის ან პაპის შრომას უყურებენ, რომელიც წვალობს და წუწუნებს, გონებაში ისეთი უჯრედი ერთვებათ, რომელიც ოჯახის შეხიდებას ავალდებულებს - ასე იყო ჩემ შემთხვევაში. თუ ამ დროს ახალგაზრდა დაინახავს, რომ ტექნოლოგიურად შეხიდება უფრო მნიშვნელოვანია და ამით ის მომავალს ქმნის - ეს ყველასთვის კარგი იქნება“, - აღნიშნავს ბექა გონაშვილი BMGTV-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები