ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, TelAgri-ის მოქმედების არეალი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სექტორი – სოფლის მეურნეობაა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. თუმცა ტექნოლოგიებისა და ფინანსების გარდა, ფერმერებს, ხშირად, სპეციფიკური ცოდნა, გამოცდილება და ნოუჰაუ სჭირდებათ. სწორედ ამ ცოდნის ფერმერებამდე მიტანას ემსახურება TelAgri, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აკავშირებს. ფერმერისა და აგრონომის კონსულტაცია ონლაინრეჟიმში ხორციელდება, ხოლო მომსახურება საკმაოდ მარტივია.
კომპანიის მიერ არჩეული ეს მოდელი, როგორც ჩანს, ამართლებს, რადგან სწორედ TelAgri-მ გაიმარჯვა Startup Connect-ისა და Pegasus Tech Ventures-ის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ შეჯიბრებაში, რომელმაც სტარტაპს ამერიკის შეერთებული შტატების კარი გაუხსნა. მიმდინარე წლის ოქტომბერში, TelAgri-ის დამფუძნებლები კალიფორნიაში, სილიკონის ველზე გაემგზავრებიან, რათა “სტარტაპების მსოფლიო თასში” საქართველოს სახელით ჩაერთონ და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლონ.
“სტარტაპების მსოფლიო თასი” საკმაოდ ინტენსიური კონკურსია - იქ მოხვედრა ნებისმიერ სტარტაპს სურს, რადგან ასე ძალიან დიდ და ძალიან საინტერესო აუდიტორიაზე შეიძლება გასვლა. საქართველოში კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, რადგან, როგორც იცით, ქართული ტექნოლოგიური სტარტაპები ძალიან მომძლავრდნენ. საუკეთესო ქართულ სტარტაპებს შევეჯიბრეთ და გამარჯვება ნამდვილად არ ყოფილა იოლი.
გამარჯვების შედეგად, “სტარტაპების მსოფლიო თასის” რეგიონალური ჩემპიონი TelAgri სან-ფრანცისკოში მიემგზავრება, სადაც ფინალი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის წარმომადგენელ სტარტაპებს საქართველოს სახელით შევეჯიბრებით. ვეცდებით, მთავარი პრიზი - $1 მილიონი მოვიგოთ. შარშან და შარშან წინ, ამ კონკურსში ქართველები უკვე იყვნენ - Theneo და Artisio, რომელიც ფინალამდე მივიდა. საქართველოს, როგორც ქვეყანას, უკვე მეტნაკლებად გვიცნობენ და ახლა ჩვენი ჯერია, შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ”, - განაცხადა ირაკლი ჩიქავამ TECH INFORM-ში.
“სტარტაპების მსოფლიო თასი” გლობალური მოვლენაა, რომელიც სილიკონის ველზე ყოველწლიურად იმართება. ორი წლის წინ, “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაში Theneo-მ გაიმარჯვა, ხოლო შარშან, საქართველოს სახელით კონკურსში Artisio მონაწილეობდა, რომელიც ფინალში გავიდა და ჩვენს ქვეყანას სახელი გლობალურ არენაზე გაუთქვა. წლევანდელი კონკურსი ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება.
“ამ კონკურსში მონაწილეობა იმ თვალსაზრისითაც საინტერესოა, რომ სტარტაპების გარდა ის მნიშვნელოვან ინვესტორებს და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გადამწყვეტი სიტყვის მთქმელ ადამიანებს აერთიანებს. საკმაოდ მკაფიო გეგმა გვაქვს - გვსურს, აგრიტექით დაინტერესებული ადამიანები და ინვესტორები გავიცნოთ. ჩვენი მიზანია, მოვყვეთ, თუ რა შედეგი მივიღეთ, როცა ფერმერებს ცოდნაზე წვდომა მივეცით, ანუ როგორ გაზარდეს მოსავალი, შეამცირეს ქიმიკატების მოხმარება და როგორ დავარწმუნეთ ბანკები, პროექტში ჩართულიყვნენ და ჩვენი სერვისი საკუთარი მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინათ. თუ ეს მოვახერხეთ, გამარჯვების დიდი შანსი გვექნება, რადგან ის, რასაც ვაკეთებთ, დიდი გავლენა აქვს, რასაც ამ შეჯიბრებაზე დიდ ყურადღებას აქცევენ”, - განაცხადა ირაკლი ჩიქავამ TECH INFORM-ში.