ბოლო წლებში, სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა, რომელიც ინდივიდუალური ფერმერებისგან და ინდუსტრიაში ჩართული კომპანიებისგან წარმოების პროცესში ავტონომიური სისტემების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების, დრონებისა და სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვას მოითხოვს.
თუმცა ტექნოლოგიებისა და ფინანსების გარდა, ფერმერებს, ხშირად, სპეციფიკური ცოდნა, გამოცდილება და ნოუჰაუ სჭირდებათ, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ არსებობდეს. აი, ასეთი შემთხვევებისთვის შეიქმნა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Agronnect-ი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აკავშირებს.
როგორც Agronnect-ის დამფუძნებელი, ირაკლი ჩიქავა TECH INFORM-ში ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ ფერმერისა და აგრონომის კონსულტაცია ონლაინრეჟიმში ხორციელდება, მომსახურება საკმაოდ მარტივია და პლატფორმის მიმართ დაინტერესება - მაღალია.
“სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში შესვლიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მთავარი პრობლემა ქართულ სოფლის მეურნეობაში და, პრინციპში ყველგან, ის კი არ არის, რომ ადამიანს ფინანსებზე და ტექნოლოგიებზე ხელი არ მიუწვდება, არამედ ის, რომ არ აქვს ცოდნა, თუ როგორ უნდა მოუაროს მის ბაღს ისე, რომ დახარჯოს ბევრად ნაკლები თანხა და მიიღოს უფრო მაღალი ხარისხის და გაზრდილი მოსავალი.
ამგვარად, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ამ ცოდნის დანაკლისს შეავსებდა. ჩვენი პლატფორმის საშუალებით, შეგიძლიათ ტელეფონი აიღოთ და მიწვდეთ წამყვან აგრონომს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი თუ ნიდერლანდები და მასთან კონსულტაცია გაიაროთ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი ონლაინრეჟიმში ხორციელდება, ის ხელმისაწვდომია ფერმერისთვის და მიმზიდველია კონსულტანტისთვის.
ხიდი ავაგეთ იმ ცოდნის გადმოსატანად, რომელიც გვსურს, წარმოების შედეგებზე აისახოს”, - განაცხადა ირაკლი ჩიქავამ TECH INFORM-ში.